Thumbnail

ჩელსიში დანავსული N9 - ტემი აბრაჰამი ცრურწმენის წინააღმდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 21 წლის ფორვარდს არ სჯერა, რომ ლონდონის ჩელსიში N9 დანავსულია
  • ლონდონელთა თავდამსხმელმა ბარსელონასთან გოლის გატანა მოახერხა 

ლონდონის ჩელსის ახალგაზრდა თავდამსხმელი ტემი აბრაჰამი აცხადებს, რომ მზადაა, მომავალ სეზონში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშოს და არაფრად აგდებს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ლონდონურ კლუბში ეს ნომერი დანავსულია. 

2004 წლიდან მოყოლებული, ჩელსიში 9-ნომრიანი მაისურით არაერთი სახელიანი ფეხბურთელი გამოდიოდა, მაგრამ შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ვერცერთმა მოახერხა. მათ შორის: მატეა კეჟმანმა, ერნან კრესპომ, ფრანკო დი სანტომ, ფერნანდო ტორესმა, რადამელ ფალკაომ, ალვარო მორატამ, გონსალო იგუაინმა და ა.შ.

ტემიმ 9-ნომრიანი მაისურით ჩელსიში გოლი უკვე გაიტანა

"ჩემთვის პატივია ჩელსიში 9-ნომრიანი მაისურით თამაში. ვესაუბრე ფრენკ ლამპარდს, რომელმაც მკითხა, თანახმა ვარ თუ არა, ავიღო "ცხრიანი". დიახ, მზად ვარ და მიხარია, რომ ეს ნომერი შემომთავაზეს. "9"-თან დაკავშირებული მთელი ეს სისულელეები მსმენია. ჩელსიში იმისთვის ვარ, რომ ჩემი თამაში ვაჩვენო და ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია", - ამბობს აბრაჰამი, რომელმაც ჩელსიში პირველი გოლი უკვე გაიტანა - ახლახან ბარსელონასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 2:1 მოიგო.

მეტი ამ თემაზე: უფერული დებიუტი ბარსაში - გრიზმანი ჩელსისთან დამარცხდა

ფრენკ ლამპარდი ტენუ აბრაჰამს ნდობას უცხადებს

ტემი აბრაჰამი ჩელსის აღზრდილია, თუმცა 2016 წლიდან სხვადასხვა კლუბებში იყო განათხოვრებული. 21 წლის ინგლისელმა ფორვარდმა გასული სეზონი იჯარით ასტონ ვილაში გაატარა. ბირმინგემის კლუბში მან ყველა ტურნირის 40 მატჩში ითამაშა, გაიტანა 26 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. ფორვარდს ლონდონელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები