Thumbnail
  • 21 წლის ფორვარდი რუბინში სადებიუტო გოლსა და არსებულ გარემოზე საუბრობს
  • მიქელთაძეს, კვარაცხელიას და დავითაშვილს მოედანზე ერთმანეთის კარგად ესმით  

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე, რომელიც ამ ზაფხულს რუსეთის პრემიერლიგის რუბინში აღმოჩნდა, ყაზანის კლუბში სადებიუტო მატჩში გატანილი გოლით გამოირჩა. 21 წლის თავდამსხმელი ჩემპიონატის მეორე ტურში, სტუმრად მოსკოვის დინამოსთან მატჩში მოედანზე შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა (1:0).

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც რუბინამდე კვიპროსულ ანორთოსისში, რუსთავსა და თბილისის დინამოში უთამაშია, რუსულ მედიას შთაბეჭდილებები გაუზიარა:

"მოსკოვის დინამოსთან მატჩი წარმოუდგენლად რთული გამოვიდა. პირველ ტაიმში კაცნაკლულნი დავრჩით და კიდევ უფრო გაგვიჭირდა. ამის მიუხედავად, გუნდმა სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო და ეს ძალიან გვახარებს. ზოგადად, ათი კაცით თამაში ძნელია, მაგრამ მეორეს მხრივ, ამან უკეთესად ათამაშების მოტივაცია მოგვცა. როდესაც მატჩის მიწურულს გატანაც მოვახერხეთ, არაჩვეულებრივი ემოციები დაგვეუფლა. ალბათ, ემოციური თვალსაზრისით, უფრო შთამბეჭდავი გამარჯვების მოფიქრებაც კი ძნელი იქნებოდა.

ძალიან მიხარია, რომ ამ მატჩში გამარჯვების გოლი მე გავიტანე. როდესაც ახალ გუნდში მიდიხარ, ძალიან რთულია თავის ერთბაშად წარმოჩენა და ჩვენება იმისა, თუ რა შეგიძლია. შესაბამისად, მაგარია, რომ გატანა სეზონის დასაწყისშივე მოვახერხე", - ამბობს ბექა.

ბექას გატანილი გოლი პირველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიულოცა

ყაზანის რუბინმა სეზონის წინ ბექა მიქელთაძის გარდა, კიდევ ორი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი დაიმატა: ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი. მიქელთაძე გუნდში არსებულ ვითარებაზეც საუბრობს:

"რუბინში ბრწყინვალე გუნდი შეიკრიბა. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, გვაქვს ენერგია და გამარჯვების სურვილი. თითოეულ თამაშში ვცდილობთ, ბოლომდე დავიხარჯოთ და ჯერჯერობით, შედეგის დადებასაც ვახერხებთ.

გუნდში თანამემამულეების ყოფნა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჩემთვისაც და მათთვისაც. მე, ხვიჩა და ზურიკო ერთამენთს დიდი ხანია ვიცნობთ. ერთად ვთამაშობდით თბილისის დინამოში. ერთმანეთის გვესმის მოედანზე და შეიძლება ითქვას, ვგრძნობთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ მოედანზე სამივე ერთდროულად გავდიოდეთ, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა. ეჭვგარეშეა, ერთად ყოფნა კლუბში ადაპტაციის კუთხითაც გვეხმარება. ვცდილობთ, ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია".

კვარაცხელიამ და მიქელთაძემ უკვე გაიტანეს, ახლა დავითაშვილის ჯერია

ჩემპიონატის მომავალ ტურში ყაზანის რუბინი შინ გროზნოს ახმატს მიიღებს. შეხვედრა 29 ივნისს შედგება. ბექა მომავალი მატჩის მოლოდინზეც საუბრობს:

"რა თქმა უნდა, მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება. მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, შინ, ყაზანში ვითამაშებთ. საკუთარ კედლებსა და გულშემატკივრების თვალწინ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. იმავე მოსკოვის დინამოსთან რპმ ვერ მოგვეგო, გვეპატიებოდა, მაგრამ საშინაო თამაშში მხოლოდ დადებითი შედეგი მოგვეთხოვება", - ამბობს ბექა.

კომენტარები

ბოლო ამბები