Thumbnail
  • რეალმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე არსენალს პენალტების სერიაში სძლია
  • გარეთ ბეილმა გაიტანა, მაგრამ ზინედინ ზიდანისთვის ეს არაფერს ცვლის
  • მარკო ასენსიომ ჯერ გოლი შეაგდო, შემდეგ კი ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა
  • რეალის ვარჯიშზე გადაღებული ერთ-ერთი ფოტოს გამო, უელსელს დასცინეს 

აშშ-ის ქალაქ მერილენდში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც მადრიდის რეალმა ლონდონის არსენალი ფრედ 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, პენალტების სერიაში დაამარცხა. 

არენა "ფედექს ფილდზე" ძირითადი დროში პირველი გოლი მე-10 წუთზე, არსენალის ფორვარდმა ალეკსანდრ ლაკაზეტმა, 11-მეტრიანი დარტყმით შეაგდო, აქედან 14 წუთის შემდეგ კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ლონდონელთა უპირატესობას ორბურთიანი გახადა. რეალმა გათანაბრება შესვენების შემდეგ, მალევე მოახერხა - ზუსტი დარტყმებით გარეთ ბეილი (56') და მარკო ასენსიო (59') გამოირჩნენ.

📺 რეალი-არსენალის მატჩის ჰაილაითები

ამ უკანასკნელისთვის ეს მატჩი, გატანილი გოლის მიუხედავად, მაინც უიღბლო გამოდგა. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, მძიმე ტრავმა მიიღო და 65-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. წინასწარი ვარაუდით, 23 წლის ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ხანგრძლივი პერიოდი გაუცდება, შესაძლოა, მთელი სეზონიც.

მარკო ასენსიომ არსენალთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო

რაც შეეხება რეალი-არსენალის მატჩს, ტურნირის რეგლამენტით, დამატებითი ტაიმები გათვალისწინებული არ არის და შესაბამისად, პენალტების სერია დაინიშნა. მადრიდელებმა 4-იდან 3 დარტყმა ზუსტად შეასრულეს, არსენალმა კი 5-იდან 3 ვერ გამოიყენა.

გარეთ ბეილს წარმატება ლუკა მოდრიჩმაც მიულოცა

თამაშის შემდეგ მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ერთ-ერთი გოლის ავტორზე - გარეთ ბეილზე ილაპარაკა, რომელიც გუნდში აღარ სჭირდება და გასხვისებას უპირებს.

"მან კარგი მატჩი ჩაატარა და მახარებს მისი წარმატება ისევე, როგორც ყველა დანარჩენის. ის ჩვენთანაა და ვაგრძელებთ მუშაობას. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. მასთან არ მისაუბრია. ვარჯიშობს ნორმალურად და შესაბამისად, ითამაშა კიდეც. მაგრამ არაფერი შეცვლილა", - თქვა ზიზუმ.

ზინედინ ზიდანს გუნდში გარეთ ბეილი აღარ სჭირდება

შეგახსენებთ, რომ უელსელი გარემარბი მადრიდულ კლუბში 2013 წელს, 100 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა და იმ დროისთვის მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელი გახდა.

რეალის გულშემატკივრები კი სოციალურ ქსელებში აქტიურად აკომენტარებენ და ხუმრობენ გუნდის ვარჯიშზე გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც გარეთ ბეილს ყველასგან გამორჩეული, მწვანე გადასაცმელი აცვია.

ბეილს და ზიდანს შორის არსებული კონფლიქტური ვითარების ფონზე, ფოტო ფანატების ირონიის მიზეზი გახდა.

"დღევანდელ ვარჯიშზე ბეილი მსაჯი იყო", - დაწერა ერთ-ერთმა ქომაგმა.

"ზიდანმა რეალის ვარჯიშის დროს ბეილი რეფერის სტატუსამდე დაამცირა", - წერს სხვა.

სინამდვილეში, უელსელ ფეხბურთელს მწვანე გადასაცმელი იმიტომ ეცვა, რომ ვარჯიშის დროს ნეიტრალური მოთამაშის როლს ითავსებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები