Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება
  • ული ჰიონესი კანდიდატურას აღარ წამოაყენებს
  • რეკორდმაისტერის ფანები ადიდასის ყოფილ ბოსს და ოლივერ კანს ელოდებიან

მიუნხენის ბაიერნის ფანებისთვის მათი საყვარელი გუნდი ული ჰიონესის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული!

‘ბილდის’ ინფორმაციით, ბავარიული გრანდის 67 წლის პრეზიდენტი ნოემბერში უარს იტყვის ახალი ვადით არჩევაზე. ამასთან ერთად, ჰიონესი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტსაც დათმობს - ული ამ თანამდებობაზე გასული წლის დეკემბერში დაინიშნა და წესით, 2022 წლამდე უნდა ემუშავა.

ასე იწყებდა ჰიონესი: 27 წლის ული მაშინ ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მენეჯერი გახდა

ული ჰიონესი, იგივე ‘მისტერ ბაიერნი’, 9 წლის მანძილზე რეკორდმაისტერის ფეხბურთელი იყო (სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი), 40 წელი მენეჯმენტში გაატარა (ბაიერნმა ამ პერიოდში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა), ახლა კი საბოლოოდ მიდის!

2013 წელი: რუმენიგე და ჰიონესი ჰეთ-თრიკს ზეიმობენ

ულიმ პირველად მარტში განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებაზე ფიქრობდა: “თუ წავალ, უკვე შერჩეული მყავს ერთი-ორი კანდიდატი, რომლებსაც ჩემი საქმის ღირსეულად გაგრძელება შეუძლიათ,” - თქვა მაშინ ჰიონესმა.

‘ბილდის’ ინფორმაციით, ული ჰიონესის ფავორიტი ბაიერნის პრეზიდენტის თანამდებობისთვის 65 წლის ჰერბერტ ჰაინერია, რომელიც ახლა სამეთვალყურეო საბჭოში მისი მოადგილეა, ადრე კი ადიდასის ბოსი იყო.

ჰერბერტ ჰაინერი და ული ჰიონესი

ასევე ცნობილია, რომ ბაიერნის ლეგენდარული მეკარე ოლივერ კანი მიუნხენური გრანდის მომავალი გენერალური დირექტორი იქნება და ამ პოსტზე კარლ-ჰაინც რუმენიგეს შეცვლის.

ანუ, ჰიონეს-რუმენიგეს დუეტს მომავალში კანი და ჰაინერი შეცვლიან!

რატომ ტოვებს ჰიონესი თანამდებობას? ულის უნდა, რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმოს. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მეუღლეს სწორედ ამას შეპირდა. თანაც, ციხეში გატარებულმა წლებმა (გადასახადების დამალვისთვის), ულის დიდი დრო დააკარგვინა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები ული ჰიონესისგან კომენტარის აღებას შეეცადნენ, მაგრამ ბაიერნის პრეზიდენტმა განცხადების გაკეთება არ ისურვა. ‘ბილდისთვის’ ასევე მიუწვდომელი აღმოჩნდა ბაიერნის მომავალი სავარაუდო პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერიც.

ული ჰიონესი და პაულ ბრაიტნერი აქტიური სპორტული კარიერის დროს

კომენტარები

ბოლო ამბები