Thumbnail

მუნდიალი 2021 და ევრო 2022 | ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში საქართველო ფინეთს დაუპირისპირდება
  • მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველო იტალიას, რუმინეთსა და კოსოვოს შეხვდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხელბურთში ევრო 2022-ის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში ფინეთს შეხვდება, ხოლოს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფში იტალიას, რუმინეთსა და კოსოვოს დაუპირისპირდება. ეს ორივე წილისყრა დღეს ვენაში გაიმართა, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში. 

ევროპის ჩემპიონატის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში, ანუ პლეი ოფში, შედგა სამი წყვილი: 

საქართველო-ფინეთი
ლუქსემბურგი-ესტონეთი
კვიპროსი-ბელგია. 

პირველი მატჩები გაიმართება პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე, 3 გამარჯვებული ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში გადის, სადაც 32 ქვეყანა ითამაშებს ფინალური ტურნირის 20 საგზურისთვის. ევროპის ჩემპიონატი უნგრეთსა და სლოვაკეთში 2022 წლის იანვარში გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატს კი 2021 წლის იანვარში უმასპინძლებს ეგვიპტე და აქ პირველად ითამაშებს 32 გუნდი. ევროპას, მსოფლიო ჩემპიონის, დანიის გარდა, აქვს 13 ადგილი, რომლებიც 2 რაუნდისგან შემდგარ კვალიფიკაციაში გათამაშდება.

პირველ ეტაპზე მონაწილეობს 15 ქვეყანა, რომელიც არ თამაშობს ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირს, 4 შეარჩევი ჯგუფის 4 გამარჯვებული კი გავა მეორე რაუნდში, პლეიოფში, სადაც დაუწყვილდება ევრო 2020-ის მონაწილე ნაკრებებს და შინ/სტუმრად ფორმატით გაათამაშებს ფინალური ტურნირის საგზურებს. პლეიოფი გაიმართება 2 ეტაპად, 2020 წლის აპრილსა და ივნისში.

რაც შეეხება სათამაშო ვადებს - მსოფლიოს  ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაიწყება 2019 წლის ოქტომბერში და ამ თვეში გაიმართება 2 ტური: 23-24 და 26-27 ოქტომბერს. შეჯიბრება დასრულდება 2020 წლის იანვარში. სათამაშო დღეებია: 1-2, 4-5, 8-9 და 11-12 იანვარი. როგორც წესი, გუნდები 2 წრედ თამაშობენ, მაგრამ ფედერაციების შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია სამდღიანი და ერთწრიანი ტურნირის მოწყობაც - ამ შემთხვევაში მასპინძელი წილისყრით გამოვლინდება.

ამაზეა დამოკიდებული 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის განრიგიც. სათამაშო დღეები იგივეა, მაგრამ თუ რომელიმე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ორწრიან ტურნირს ითამაშებს, მაშინ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფისთვის EHF გამოყოფს 2 დამატებით სათამაშო დღეს 2020 წლის 19-26 იანვრის შუალედში.

კომენტარები

ბოლო ამბები