Thumbnail

კორუფციული რისკები ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში! IDFI-ის კვლევის შედეგები

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფინანსური დოკუმენტაციის შეუსაბამობა, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვა
  • საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ისევ ყურადღების ცენტრშია 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოებული ფინანსური დოკუმენტაციის შეუსაბამობა, ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვა და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ვალდებულებების უგულვებელყოფა – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2015-2018 წლებში სახელმწიფო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგები გაასაჯაროა და სწორედ ზემოთ აღნიშნულ თემებზე გაამახვილა ყურადღება. გთავაზობთ ანგარიშის დიდ ნაწილს, სრულ ტექსტს კი ამ ბმულზე გაეცნობით...

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, IDFI-მ დაასკვნა, რომ 2015-2018 წლებში საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაზე სპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამიდან და სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის გამოყოფილი თანხის ჯამურმა ოდენობამ დაახლოებით 30 მლნ. ლარი შეადგინა.

ჭიდაობის სახელმწიფო პროგრამის ფინანსური ანგარიშები, არ არის თანხვედრაში სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებთან. მაგალითად, 2017 წელს მოწოდებულია მხოლოდ 782,785.38 ლარის ოდენობის ფაქტიური ხარჯების შესახებ ინფორმაცია, მაშინ როდესაც სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი იყო 3,500,000 ლარი.

სამინისტროს მიერ ოფიციალურად მოწოდებული ფინანსური დოკუმენტაციით, ფედერაციის მიერ დახარჯულ და უკან დაბრუნებულ თანხებს შორის ბალანსი არ არის დაცული. მაგალითად, 2017 წლის დოკუმენტაციის მიხედვით, სამინისტროს მიერ ფედერაციისთვის გადარიცხულია 1,786,835 ლარი, საიდანაც ფაქტობრივი ხარჯი გაწეულია 782,785.38 ლარი, უკან დაბრუნდა 173,001.62 ლარი, ხოლო დანარჩენი 831,048.0 ლარის შესახებ ინფორმაცია არ არის მოწოდებული.

 ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოწვეული მსაჯებისათვის გადახდილი თანხები დაანგარიშებულია დღიურად 100 ლარი, ხოლო ხელშეკრულებაში და მიღება ჩაბარების აქტებში დღიურად 100 აშშ დოლარი.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12,517 ლარი გადაიხადა, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტირებაში, ანუ ქალაქ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში 8,276 ლარი.

შეჯიბრისთვის საჭირო ინვენტარის მოწყობისთვის ჭიდაობის ფედერაციამ დაიქირავა ამავე ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი. 

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისათვის, ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გათვალისწინებული 63,580 ლარიდან, ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო (12,980 ლარი) დაერიცხა ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს.

2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანს ანტიდოპინგური წესების დარღვევისათვის ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი და მისი ჩამორთმევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ ამ შედეგისთვის დადგენილების შესაბამისად (სპორტსმენზე, მწვრთნელზე, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალზე) გაიცა 61,200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები პრემიის სახით ნაწილდება გაურკვეველი პრინციპით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ე.წ. „ატკატების“ რისკს.

სამინისტრომ სრულყოფილად არ გასცა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფინანსური ანგარიშები, რისი სამინისტროსთვის მიწოდების ვალდებულება ფედერაციას შესაბამისი ხელშეკრულებებით აქვს აღებული; მსგავსი ანგარიშების გასაჯაროებისგან თავის არიდება სამინისტროს მხრიდან გარკვეული ინფორმაციის დაფარვის სურვილზე ან/და ფედერაციის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე მიუთითებს".

კომენტარები

ბოლო ამბები