Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 6:3 უგო დელიენი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგში გამოსვლა წარმატებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობაზე  (ATP 500. საპრიზო ფონდი €1 718 170 ) გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ჰამბურგში ჩემპიონის სტატუსით გამოდის და მე-4 ნომრადაა განთესილი, პირველ წრეში ბოლივიელ უგო დელიენს დაუპირისპირდა და მეტოქეს ორ სეტში სძლია. 

შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბასილაშვილისთვის, რადგან 2018 წელს ნიკამ აქ გაიმარჯვა და კარიერაში პირველად მოიგო ATP-ის ტურნირი. ახლა კი მას 520 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი, რათა რეიტინგის 16-ეულში ადგილი შეინარჩუნოს.

რაც შეეხება ნიკას მეტოქეს, 26 წლის სამხრეთამერიკელმა, რომელიც АТР-ის რეიტინგში 87-ეა და თიხნარის სპეციალისტად მიიჩნევა, ქართველ ჩოგბურთელთან შეხვედრამდე ტურნირის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გააღწია. მანამდე ბასილაშვილსა და დელეინს ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ. 

ბასილაშვილისა და დელიენის შეხვედრა საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. ამ მოგების შემდეგ ნიკას მიმდინარე რეიტინგში 1 520 ქულა აქვს და 24-ე პოზიციაზეა. მერვედფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილს 1 565 ქულა ექნება და 23-ე ადგილზე გადავა. 

ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე ჰამბურგში არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროსა და ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას წყვილში გაირკვევა. 

ჰამბურგის ტურნირს, რომელიც Rothenbaum Tennis Center-ში 22-28 ივლისს იმართება, წელს ევროპის ღია პირველობის სტატუსიც აქვს, მისი საპრიზო ფონდი კი 1 718 170 ევროა. ტურნირის გამარჯვებული 500 ქულასა და 354 845 ევროს მიიღებს, ხოლო ფინალისტი - 300 ქულასა და 178 220 ევროს.

კომენტარები

ბოლო ამბები