Thumbnail

217 სმ სიმაღლის 17 წლის ქართველი ტალანტი, რომელსაც NCAA-ს ხუთი კლუბი ეპატიჟება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიგიბერიას NCAA-ს 5 კლუბიდან მიწვევა აქვს, მათ შორისაა ბეჟანიშვილის ილინოისი
  • ატლანტაში საბამ თავი NBA-ს აკადემიის ტურნირში გამოიჩინა

26 ივლისიდან საქართველოს ნაკრები 18-წლამდელთა ევრობასკეტზე (B დივიზიონი) ჩაერთვება, რომელიც ორადეაში გაიმართება. B ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ირლანდია, დანია, უკრაინა, სლოვაკეთი და ჩრდილოეთ მაკედონია არიან. გუნდის შემადგენლობაშია 17 წლის ცენტრი საბა გიგიბერია, რომელიც 217 (!) სანტიმეტრია სიმაღლეში (ბოლო ინფორმაციით, ის 213 სმ იყო). 

საბა ამერიკაში თამაშობს, ნევადის სკოლა ფინდლი კოლეჯ პრეპში თამაშობს და სწავლობს. კლიფ ფინდლის დაარსებულ სკოლას ისეთი კალათბურთელები აღუზრდია, როგორიც ეივერი ბრედლი, კორი ჯოზეფი და ტრისტან ტომპსონია. 

18-წლამდელთა ნაკრებში

basketballrecruiting.rivals.com-ის მიხედვით, საბას ტალანტი და ბუნებრივი მონაცემები შეუმჩნეველი არ დარჩათ კოლეჯებში და მას NCAA-ს ხუთი გუნდიდან აქვს მიწვევა. ამათში ერთ-ერთი ილინოისია, სადაც გიორგი ბეჟანიშვილი თამაშობს. ასევე დაინტერესებული არიან ჯორჯია ტექ-ი, TCU (ტეხასი), USC (სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი) და UNLV (ლას ვეგასი). 

rivals.com-ის რეიტინგით, საბა ამერიკის მასშტაბით 117-ეა უმაღლესი სკოლის ტალანტებში, ხოლო მე-19 ცენტრის პოზიციაზე. 

გიგიბერიას უმაღლესი სკოლის ტალანტებში 4 ვარსკვლავი მიანიჭეს

ეს გამოცემა გიგიბერიას 4-ვარსკვლავიანი ტალანტის სტატუსს ანიჭებს. შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილიც და გიორგი ბეჟანიშვილიც NCAA-ში მხოლოდ 3-ვარსკვლავიანი ტალანტის სტატუსით მოხვდნენ.

ახლახან გიგიბერიამ ატლანტაში NBA-ს აკადემიის კემპზე ითამაშა. 6 თამაშში 48 მოხსნა გააკეთა, ეს ტურნირზე საუკეთესო შედეგია ისაა მუჰამადთან ერთად. 

ფინდლის აკადემიამ NBA-ს 17 კალათბურთელი აღუზარდა. ახლახან დრაფტზე აკადემიიდან პი ჯეი ვოშინგტონი და ბოლ ბოლი მოხვდნენ. 

"საბა გიგიბერია და ალექს ჩიკუ სკოლაში მივიდნენ, როგორც სრულიად უცნობი მოთამაშეები. ფრანგმა და ქართველმა თავი გამოიჩინეს და ახლა ისინი 4-ვარკვლავიან ტალანტებად მიიჩნევიან", - წერს "ვაშინგტონ პოსტი". 

26 ივლისს საბა და კომპანია სლოვაკეთთან მატჩით იწყებს ევრობასკეტს...

კომენტარები

ბოლო ამბები