Thumbnail
  • ზედიზედ მეორე ტურია, რუბინში გოლებს მხოლოდ ქართველები იტანენ
  • რუსულმა მედიამ 21 წლის ბექა მიქელთაძე ტურის აღმოჩენად დაასახელა

ყაზანის რუბინი, რომელიც ამ ზაფხულს ერთბაშად სამი ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა, რუსეთის პრემიერლიგაში დაუმარცხებელია და ზედიზედ მეორე ტურია, ქულებს სწორედ ქართველების გოლებით აგროვებს. 

თუკი ჩემპიონატის სასტარტო ტურში ყაზანურმა გუნდმა სტუმრად მოსკოვში ლოკომოტივთან ქულა ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი თავურით გადაარჩინა (1:1), მეორე ტურში, ისევ რუსეთის დედაქალაქში, ოღონდ სტუმრად დინამოსთან, გამარჯვება ბექა მიქელთაძის გოლით მოახერხა (1:0).

21 წლის ცენტრფორვარდი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, გამარჯების გოლი კი სადებიუტო მატჩის 93-ე წუთზე შეაგდო. რუსული სპორტული საიტი sport24 ტურის გამორჩეულ მოვლენებზე წერს, ბექა მიქელთაძეს კი ტურის აღმოჩენად ასახელებს.

"დინამომ თავისი ახალი სტადიონი გახსნა და რუბინთან თამაშის წინ ოფიციალური საზეიმო ღონისძებაც ჩაატარა, მაგრამ დღესასწაული ჩაუშხამდა. რუბინმა, რომელიც ტაიმნახევარი 10 კაცით თამაშობდა, 93-ე წუთზე კონტრშეტევა განახორციელა და ერთადერთი გოლი გაიტანა. ყაზანი ისევ ქართველმა გადაარჩინა - ამჯერად არა კვარაცხელიამ, არამედ 21 წლის ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ. 

რუბინის ოფიციალური ტვიტერი: ქართველის გარეშე რუბინი არ არსებობს!

"ქართველის გარეშე რუბინი არ არსებობს" - შარონოვის გუნდის ახალი სლოგანია, რომელმაც საყვარელი "მეტალიკის" კონცერტიც კი გააცდინა დინამოსთან გამარჯების გამო", - წერს საიტი.

ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ბექა მიქელთაძე რუბინის ვარჯიშზე

ყაზანის რუბინი ქართველი ფეხბურთელებისთვის კარგად ნაცნობი კლუბია, რომლის ღირსებას სხვადასხვა დროს გიორგი ქინქლაძე, მიხეილ აშვეითა, დავით კვირკველია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე და სხვები იცავდნენ, ბოლოს კი იქ საბა კვერკველია, მამუკა კობახიძე და ნიკა კაჭარავა გამოდიოდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილისა და ბექა მიქელთაძის გუნდს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვე ადგილზეა. რუბინი რუსეთის პრემიერლიგაში მომავალ მატჩს 29 ივლისს, შინ გროზნოს ახმატთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები