Thumbnail

EUROPEAN OPEN | 'დიდი ქართველი ჰამბურგში' - ბასილაშვილი ბოლივიელით იწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მე-4 ნომრად განთესილი ბასილაშვილი ბოლივიელ ჩოგბურთელს ხვდება
  • მიმდინარე რეიტინგში ნიკა 25-ე ჩოგნამდე დაქვეითდა

ATP-იმ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც გასულ კვირაში ისვენებდა, კვლავ მსოფლიოს მე-16 ჩოგანია 1 995 ქულით. ახლა ნიკასთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი იქწყება - ჰამბურგში გერმანიის პირველობამ აიღო სტარტი, რომელიც წლეულს ევროპის ღია პირველობაცაა. რადგან შარშან ნიკამ ჰამბურგის ტურნირი მოიგო, მას 510 ქულა ჩამოაკლდება და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული რამდენს გადაარჩენს. 

მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი 1 485 ქულით მსოფლიოში 25-ე ადგილზეა. ტურნირის მოგების შემთხვევაში, მას 1 975 ქულა ექნება და, დიდი ალბათობით, მე-16 პოზიციასაც დაიბრუნებს. 

ამასობაში გაირკვა ნიკას პირველი მეტოქეც - საკვალიფიკაციო ბადეში ორი თამაში მოიგო ბოლივიელმა უგო დელიენმა (გერმანელი მაზური და რუსი ვატუტინი დაამარცხა) და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც მსოფლიოს 87-ე ჩოგანი მოქმედ ჩემპიონს შეხვდება. ბოლივიელი, ბუნებრივია, თიხნარის კორტების სპეციალისტია და ის აქამდე არასდროს შეხვედრია ბასილაშვილს. თამაში ჰამბურგის კორტებზე ხვალ, 23 ივლისს გაიმართება. 

ATP-ის საიტმა ჰამბურგის ტურნირის წინ სტატია მიუძღვნა იმ მოთამაშეებს, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ ევროპის ღია პირველობაზე.

"დიდი ქართველი - შარშან ბასილაშვილი ჰამბურგში 81-ე ჩოგნად ჩაება საკვალიფიკაციო ბადიდან. მაგრამ მან შესანიშნავად ითამაშა, გზად ფინალისტი პაბლო კუევასი დაამარცხა, ხოლო ფინალში მოქმედ ჩემპიონ ლეონარდო მაიერს მოუგო. ეს მისთვის პირველი ტიტული იყო ტურზე კარიერაში. ბასილაშვილმა შემდეგ კიდევ ერთი 500-იანი ტურნირი მოიგო პეკინში და ამჟამად მსოფლიოს მე-16 ჩოგანია", - წერს ოფიციალური საიტი. 

ეს ნახატი უკვე ჰამბურგის ჩემპიონთა კედელზეა

კომენტარები

ბოლო ამბები