Thumbnail

დინამოს მწვრთნელმა გულის ინფარქტი მიიღო, ფეხბურთელებმა თამაში გააგრძელეს…

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბუქარესტის დინამოს მწვრთნელმა თამაშის დროს ინფარქტი მიიღო
  • ეუჯენ ნეაგოე გადაარჩინეს და კლინიკაში გადაიყვანეს
  • მატჩი ჩვეულებრივად გაგრძელდა, მისმა გუნდმა წააგო

მძიმე სცენები რუმინეთიდან - ბუქარესტის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა ეუჯენ ნეაგოემ მეორე ტურის მატჩის დროს გულის ინფარქტი მიიღო!

51 წლის სპეციალისტმა კრაიოვასთან შეხვედრის პირველ ტაიმში დაკარგა გონება. მსაჯმა თამაში შეწყვიტა, ნეაგოეს პირველი დახმარება ექიმებმა აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი, სასწრაფო დახმარების ავტომობილში დეფიბრილატორით სიკვდილისგან იხსნეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს.

რუმინული მედიის ინფორმაციით, ნეაგოე ბოლო დროს ძალიან ბევრს ნერვიულობდა, რადგან ბუქარესტის დინამომ ჩემპიონატის პირველი მატჩი 0:5 წააგო, რის გამოც გულშემატკივრები მის გადადგომას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ჟურნალისტი ემანუელ როსუ წერს, რომ დინამოს მწვრთნელს ორი დღეა არაფერი უჭამია, ბევრ ყავას სვამდა და დღეში 2-3 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა.

რუმინული გაზეთი ‘გაზეტა სპორტურილორი’ წერს, რომ ეუჯენ ნეაგოეს მდგომარეობა ახლა სტაბილურია. დინამოს მწვრთნელად ის ერთი თვის წინ დანიშნეს. კრაიოვასთან მატჩის პირველივე წუთებიდან ფანები მის გადადგომას მოითხოვდნენ.

უცნაურია, მაგრამ ფაქტი: მწვრთნელის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მატჩი გაგრძელდა და დინამო კრაიოვასთან 0:2 დამარცხდა. ბუქარესტულ კლუბს ორივე შეხვედრა წაგებული აქვს და უქულოდ და უგოლოდ ბოლო ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები