Thumbnail

საქართველოს მეტოქეები ცნობილია! ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წილისყრა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მიუნხენში ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართა
  • საქართველოს ნაკრების ორი მეტოქე ცნობილია, ერთი კი გაირკვევა

მიუნხენში ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს მასპინძლობს, ილიას ზუროსის ნაკრები შესარჩევ ციკლში მაინც მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, საქართველოს ნაკრებს უკვე დაბევებული აქვს ტურნირში მონაწილეობის უფლება, მატჩებს კი სატურნირო ინტრიგის გარეშე, უკონკურსოდ ჩაატარებს. იგივე ეხება ევრობასკეტის კიდევ 3 მასპინძელ ქვეყანას: გერმანიას, იტალიას და ჩეხეთს.

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც 3 გუნდს გაუწევს კონკურენციას. ცნობილია ორი მეტოქე: ფინეთი და სერბეთი. ამ ნაკრებებს ილიას ზუროსის გუნდი ნამდვილად დაუპირისპირდება. ჯგუფის მეოთხე გუნდი შვეიცარიას, პორტუგალიას და ისლანდიას შორის გამოვლინდება. ეს 3 ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპით გამოავლენენ საუკეთესოს და სწორედ ის გუნდი მოიპოვებს უფლებას, იბრძოლოს ევრობასკეტზე მოსახვედრად.

საქართველოს ნაკრებისთვის ფინეთიც და სერბეთიც კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან. 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ილიას ზუროსის გუნდი ორჯერ დაუპირისპირდა სერბეთს და ორივე მატჩი წააგო: ბელგრადში 87:105, ხოლო თბილისში კიდევ უფრო დიდი ანგარიშით, 50:87. 

ზოგადად, წილისყრაზე 32 ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა, ევრობასკეტის საგზურს კი 4 მასპინძლის გარდა, კიდევ 20 გუნდი მოიპოვებს. შესარჩევი ეტაპის მატჩები ფიბა-ევროპის მიერ დადგენილ სამ სანაკრებო ფანჯარაში გაიმართება: 1. 2020 წლის 17-25 თებერვალს; 2. 2020 წლის 23 ნოემბერი-1 დეკემბერს; 3. 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითოეული ნაკრები თითო ფანჯრის განმავლობაში 2-2 მატჩს ჩაატარებს. კალენდარი ისეა გაწერილი, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს ვერც NBA-ს და ვერც ევროლიგის მოთამაშეები ვერ დაეხმარებიან. 

სანამ შესარჩევი ეტაპის ყველა ჯგუფს გაგაცნობთ, აღვნიშნოთ, რომ წილისყრაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა მონაწილეობდა.

ვლადიმერ ბოისამ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წილისყრაში მიიღო მონაწილეობა

ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ყველა ჯგუფი

A ჯგუფი: (სლოვაკეთი/კვიპროსი/რუმინეთი), პოლონეთი, ისრაელი, ესპანეთი.

B ჯგუფი: იტალია, ჩრდ. მაკედონია, ესტონეთი, რუსეთი.

C ჯგუფი: ჩეხეთი, ბელგია, ლიეტუანია, (ალბანეთი/ბელარუსი/დანია).

D ჯგუფი: ხორვატია, თურქეთი, ჰოლანდია, შვედეთი.

E ჯგუფი: ფინეთი, საქართველო, (შვეიცარია/პორტუგალია/ისლანდია), სერბეთი.

F ჯგუფი: ავსტრია, უნგრეთი, სლოვენია, უკრაინა.

G ჯგუფი: გერმანია, მონტენეგრო, (ლუქსემბურგი/კოსოვო/დიდი ბრიტანეთი), საფრანგეთი.

H ჯგუფი: საბერძნეთი, ლატვია, ბოსნია, ბულგარეთი.

კომენტარები

ბოლო ამბები