Thumbnail

ტოჩინოშინი იაპონიაში ჩასვლიდან ერთ თვეში გამოიქცა და უკან დაბრუნება აღარ უნდოდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტ თენგიზ რუხაძესთან.
  • როგორ უნდა მოხვდეს ქართველი სუმოისტი იაპონიაში.
  • ვინ იქნება ტოჩინოშინის მემკვიდრე საქართველოში.

მას შემდეგ, რაც ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო, საქართველოში სუმოს მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა.

► ცისფერთვალება სამურაი - ტოჩინოშინის 888 ორთაბრძოლის ისტორია

► იმპერატორის თასი და კიდევ ორი პრიზი - ლევან გორგაძის სრული ტრიუმფი ტოკიოში

► ისტორიული დღე - ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია!

რა ხდება ქართულ სუმოში? რა გზა უნდა გაიაროს დამწყებმა სუმოისტმა რომ ელიტაში მოხვდეს და პროფესიონალურ სუმოში იასპარეზოს? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტ თენგიზ რუხაძეს ვესაუბრეთ... 

POPSPORT: ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ საქართველოში სუმოს ფედერაცია არსებობს...

რუხაძე: საქართველოს სუმოს ფედერაცია 1998 წელს ჩამოყალიბდა. პირველივე წელს, ჩვენი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და 6 მედალი აიღეს. 1999 წელს, გერმანიის ქალაქ რიეზაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ლევან ბერიანიძე და ეს უდაოდ დიდი წარმატება იყო. მას შემდეგ, მუდმივად გვქონდა წარმატებები. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატებზე სხვადასხვა წონით კატეგორიებში 200-მდე მედალოსანი გვყავს. პროფესიონალური სუმოსგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ მძიმე წონაა, სამოყვარულო დონეზე შეჯიბრებები სხვადასხვა წონით კატეგორიებში ტარდება. 

POPSPORT: სუმო იაპონიაში და სუმო დანარჩენ სამყაროში: რა განსხვავებაა მათ შორის?

რუხაძე: წესები იდენტურია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იაპონიაში ბრძოლა მხოლოდ მძიმე წონაში ტარდება, ჩვენთან კი სხვადასხვა წონებია. ელიტარული სუმო სულ სხვა სიმაღლეა და იქ მოხვედრა ძალიან რთულია. განსაკუთრებული დისციპლინა და ფსიქოლოოგიური მომზადებაა საჭირო, რომ იქაურ წესებს შეეჩვიო. თავად განსაჯეთ, სუმოისტს მანქანის მართვის უფლებაც კი არ აქვს. იქ არის იერარქია და რანგით დაბალი დონის სუმიოსტები ემსახურებიან უფრო ძლიერებს. სუმოისტები კლუბებში არიან გადანაწილებულნი და ამ კლუბებს თავიანთი ცხოვრების განრიგი აქვთ, ხშირად კი სპორტსმენს სახლში მისვლაც ეკრძალება. სუმო არის ეროვნული სპორტის სახეობა და იაპონური კულტურის ნაწილი.

ევროპის ჩემპიონატებზე სხვადასხვა წონით კატეგორიებში 200-მდე მედალოსანი გვყავს 

POPSPORT: რამდენად უჭირთ ქართველ სუმოისტებს ამ წესებთან და ტრადიციებთან შეგუება?

რუხაძე: პირველი, ვინც სუმოს ელიტაში მოხვდა, ლევან ცაგურია, იგივე კოკაი იყო. ლევანი ძალიან ძლიერი იყო როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და დაიმკვიდრა ადგილი. რაც შეეხება ლევან გორგაძეს, თავიდან ჰქონდა პრობლემები. ჩასვლიდან ერთი თვის შემდეგ გამოიქცა და დაბრუნება აღარ უნდოდა. რამდენჯერმე გადადო დაბრუნება და პირადად მე მიწევდა იაპონელებთან ურთიერთობა და მისი დაგვიანების მიზეზების ახსნა. ბოლოს, როგორც იქნა გადაწყვიტა დაბრუნება და საბედნიეროდ, დიდ წარმატებასაც მიაღწია. შესანიშნავი მონაცემები ჰქონდა ავთანდილ ცერცვაძეს, რომელიც გორგაძესთან ერთად ჩავიდა იაპონიაში, მაგრამ ვერ გაუძლო იქაური ცხოვრების წესს და დაბრუნდა. ასე რომ, ელიტაში მოხვედრა და იქ ადგილის დამკვიდრება დიდ შრომას და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს საჭიროებს. ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა ადამ ოქრუაშვილს და მას დიდი წარმატების მიღწევა შეეძლო სუმოში, მაგრამ ხსენებულ ტრადიციებთან შეგუებას ძიუდო ამჯობინა.

POPSPORT: ტოჩინოჩინის წარმატებამ საქართველოში სუმოს მიმართ ინტერესი გაზარდა. რა გზა უნდა გაიაროს ქართველმა ბავშვმა, რომ სუმოს ელიტაში, იაპონიაში მოხვდეს?

რუხაძე: 15-16 წლიდან უკვე შეიძლება საქართველოში სუმოთი დაკავდე. უფრო მცირე ასაკში ვარჯიში აზრს მოკლებულია, რადგან ბავშვის სხეული ჯერ ფორმირების პროცესშია და მისთვის დატვირთვების მიცემა გაუმართლებელია. გვყავს პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებიც მოზარდებს სამბოს დარბაზში ავარჯიშებენ. ნიჭიერი დამწყები სუმოისტები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას და შემდეგ, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაემგზავრებიან. ამ ტურნირებზე ელიტარული სუმოს კლუბების წარმომადგენლები დადიან, ნიჭიერ სპორტსმენებს აკვირდებიან და სელექციას ატარებენ. სწორედ ასე ხვდებიან მოყვარულები პროფესიონალურ სუმოში.  

ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი

პროფესიონალურ სუმოში ადგილის დამკვიდრება მძიმე შრომას და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს საჭიროებს

POPSPORT: 2017 წელს, აპრილში თბილისმა სუმოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. რას გვეტყვით ამ ტურნირის შესახებ?

რუხაძე: ევროპის ჩემპიონატი ძიუდოს აკადემიის დარბაზში ჩატარდა და გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია. დარბაზი მუდმივად გავსებული იყო. 13 ქვეყნის 400-მდე სუმოისტი ჩამოვიდა და ძალიან საინტერესო სანახაობა ვიხილეთ. ყველაზე მეტი მედალი რუსებმა მოიპოვეს: 57 მონაწილე ყავდათ და 40 მედალი აიღეს, ჩვენ კი სულ 9 სუმოისტი გვყავდა და 16 მედალი მოვიპოვეთ. მთლიანობაში, შესანიშნავი ტურნირი გამოვიდა.

POPSPORT: ლევან გორგაძე ელიტარულ სუმოში 2006 წელს მოხვდა. მას შემდეგ, ქართველს ასეთი მიღწევა არ ჰქონია. რატომ არის ასეთი წყვეტა?

რუხაძე: ქართველი სუმოისტებიდან ოძეკის წოდება ვერავინ აიღო და გორგაძის ტრიუმფამდე, ბაშოც არავის ჰქონდა მოგებული. ამ წყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. გვყავდა ჩაყვანილი ზაზა ბალაშვილი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია სამოყვარულო დონეზე, თუმცა პროფესიონალურმა კლუბმა არ გაუფორმა ხელშეკრულება. 

POPSPORT:თუ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მომავალში შეუძლიათ პროფესიონალურ სუმოში დამკვიდრება და წარმატების მიღწევა?

რუხაძე: განსაკუთრებულად ნიჭიერია ამირან წიქორიძე, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა და სამოყვარულო დონეზე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მას ლევან გორგაძეზე არანაკლებ კარგი მონაცემები აქვს და დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია. არიან კიდევ ახალგაზრდები და იმედიანად ვარ განწყობილი.

► ლევან გორგაძე: ძალიან ბედნიერი ვარ, ეს არის საუკეთესო დღე ჩემს კარიერაში

► ძლიერი გული, ანუ ცოტა რამ ბაშოს ჩემპიონი ქართველი სუმოისტის შესახებ

► სუმოს მცირე ლექსიკონი ქართველი გულშემატკივრებისათვის

კომენტარები

ბოლო ამბები