Thumbnail
  • სკუადრა აძურას თავკაცის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.
  • იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ კანდიდატები დაასახელა და მოლაპარაკებები დაიწყო.
  • იტალიური მედია უკვე ფავორიტზე წერს.

იტალიაში ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის საკითხი ზეაქტუალურია. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე 4-5 კანდიდატს განიხილავს, მათ შორის: კარლო ანჩელოტის, რობერტო მანჩინის, კლაუდიო რანიერისა და ანტონიო კონტეს. ამის შესახებ ახლახან იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალმა კომისარმა რობერტო ფაბრიჩინიმ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რის გამოც გუნდის თავკაცმა ჯამპიერო ვენტურამ ნოემბერში თანამდებობა დატოვა.

ფავორიტი მანჩინია?!

Gazzetta dello Sport-ისა და Corriere dello Sport-ის ცნობით, ვაკანტურ თანამდებობაზე ფავორიტი სანკტ-პეტერბურგის ზენიტის ამჟამინდელი თავკაცი რობერტო მანჩინია. 

იტალიური მედიის ცნობით, რობერტო მანჩინი ფავორიტია

თუკი არჩევანს 57 წლის მანჩინიზე შეაჩერებს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას სპეციალისტის კონტრაქტის გამოსყიდვა მოუწევს.

რობერტომ ზენიტი სეზონის წინ ჩაიბარა და რუსულ კლუბთან ხანგრძლივი (3+2) ხელშეკრულება აკავშირებს.

მანამდე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის კომისრის თანაშემწე ალესანდრო კოსტაკურტამ დაადასტურა, რომ მანჩინი ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია. 

“მოლაპარაკებების დაწყება მალე მოგვიწევს. არ ვჩქარობთ, მაგრამ გვინდა საკითხი მაქსიმალურად მალე გადავჭრათ. რაც შეეხება სახელებს, მათ შესახებ ყველას სმენია. კანდიდატებიდან ზოგიერთთან ერთად არაერთი მატჩი ჩამიტარებია. მანჩინი ერთ-ერთი მათგანია. რაც შეეხება კონტეს, მან წინა ევროზე სასწაული მოახდინა”, - აქვეყნებს კოსტაკურტას ნათქვამს Football Italia.

სტუმრად კონტესთან

ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-კომისარი ალესანდრო კოსტაკურტა ლონდონშია და ჩელსის ამჟამინდელ თავკაცთან, ანტინიო კონტესთან შეხვედრას გეგმავს. 

ანტონიო კონტე ჩელსიში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაბარგდა, ევროფორუმზე მისი გაწვრთნილი სკუადრა აძურა ¼- ფინალში გერმანელებთან დამარცხდა.

ბორნმუთთან წაგების (0:3) შემდეგ, “არისტოკრატებში” იტალიელის მუშაობით უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. ლონდონელებმა ახალი ფეხბურთელების შესაძენად 200 მილიონი ფუნტი დახარჯეს, მაგრამ შედეგი მხოლოდ ოთხეულში ყოფნაა, რაც აშკარად არადამაკმაყოფილებელია. თავის მხრივ, კონტეც უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელობის სატრანსფერო საქმიანობით.

ანტონიო კონტე ჩელსიში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს

“ამ ეტაპზე იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან მაქვს უფლებამოსილება, რომ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებთან მოლაპარაკებები ვაწარმოო. ლონდონში ჩემი გამგზავრება კონტესთან შესახვედრას ითვალისწინებს”, - აცხადებს კოსტაკურტა.

რობერტო მანჩინი ზენიტშია, ანტონიო კონტე - ჩელსიში, კლაუდიო რანიერი კი ფრანგულ ნანტს წვრთნის.

კანდიდატებიდან უმუშევარი მხოლოდ კარლო ანჩელოტია. 58 წლის სპეციალისტი ბოლოს მიუნხენის ბაიერნს წვრთნიდა (2016/17).

კომენტარები

ბოლო ამბები