Thumbnail
  • ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გარეთ ბეილს რეალში მომავალი აღარ აქვს
  • ფრანგმა პირდაპირ თქვა, რომ უელსელი რაც მალე წავა, მით უკეთესია
  • მადრიდელთა მწვრთნელის განცხადებას ბეილის მრჩეველი გამოეხმაურა

ყველა ხვდებოდა, რომ გარეთ ბეილს რეალში არავინ დატოვებდა, მაგრამ უელსელი ფეხბურთელის მრჩეველი მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანზე მაინც ძალიან განაწყენებულია.

აი, რა უთხრა ჯონათან ბარნეტმა ESPN-ს: “ზიდანისგან სირცხვილია ასეთი სიტყვები ფეხბურთელზე, რომელმაც რეალს ამდენი რამ გაუკეთა. თუ გარეთი მადრიდიდან მიდის, არა იმიტომ, რომ ზიდანი აიძულებს, არამედ იმის გამო, რომ რეალიდან წასვლა თვითონ ბეილის ინტერესებშია!”

შეგახსენებთ, რომ ზიზუმ უელსელის გაშვების აუცილებლობაზე ბაიერნთან წაგებული ტესტ-მატჩის (1:3) შემდეგ ისაუბრა: “ბეილმა არ ითამაშა იმიტომ, რომ გუნდიდან მიდის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გარეთი რაც შეიძლება მალე დაგვტოვებს. ეს ყველასათვის უკეთესი იქნება. მის ტრანსფერზე ვმუშაობთ,” - აღნიშნა ზიდანმა.

გადაწყვეტილია: გარეთ ბეილი რეალ მადრიდს დატოვებს

ფრანგმა ისიც თქვა, რომ პირადად მას უელსელის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ “დადგა დრო, რომ მოხდეს ის, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს.”

“მე გადაწყვეტილებები მაქვს მისაღები, ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ბეილის წასვლა ჩემი გადაწყვეტილებაცაა და თვითონ ფეხბურთელისაც, რომელმაც იცის არსებული სიტუაციის შესახებ,” - დასძინა ზიზუმ.

ESPN-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედს ბეილი აღარ აინტერესებს. რამდენიმე დღის წინ, ესპანური ‘მარკა’ წერდა, რომ უელსელის დაბრუნებაზე ტოტენჰემში ფიქრობენ და, თანაც, სერიოზულად.

აღსანიშნავია, რომ გარეთ ბეილს რეალთან კონტრაქტი ჯერ კიდევ 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. გასულ სეზონში უელსელმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან ნახევარში შეცვლაზე ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები