Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა და 1/4 ფინალშია 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო 45:42 საფრანგეთი
  • შემდეგი მეტოქე იტალიაა

ბუდაპეშტში მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. წარმატებით ასპარეზობს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ეროვნული ნაკრები (მწვრთნელი: მერაბ ბაზაძე), რომელიც 1/4 ფინალში ერთ-ერთი ფავორიტის, საფრანგეთის დამარცხებით გავიდა - 45:42. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე ტურნირზე ყველაზე დიდ წარმატებას სანდრო ბაზაძემ მიაღწია, რომელმაც ხმლით მოფარიკავეთა ინდივიდუალურ ტურნირში მე-12 ადგილი დაიკავა და კარიერის მიღწევა გაიმეორა. ამით სანდრო მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-8 ადგილზე გადავიდა. 

სხვა ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო ადრეული პლეი ოფის სტადიაზე დაასრულეს. 

ფრანგებთან გადამწყვეტი სანდრო ბაზაძის ასპარეზობა გამოდგა, რომლის წყალობითაც, გუნდი ჯერ დაეწია საფრანგეთს, შემდეგ კი გაიმარჯვა.  FIE-ს რეიტინგში საფრანგეთის ნაკრები მე-7 ადგილზეა. 

ხვალ საქართველოს ნაკრების მეტოქე იტალიაა, რომელთანაც გუნდი ახლახან ევროპის ჩემპიონატზე, მსაჯების საკამათო გადაწყვეტილების გამო 44:45 დამარცხდა. 

საქართველოს ნაკრები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია. 
საფრანგეთამდე საქართველოს ნაკრებმა ძალზე იოლად აჯობა ავსტრალიას - 45:18. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალში იტალიას დაამარცხებს, ნახევარფინალში უნგრეთისა და ირანის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. სხვა წყვილები: სამხრეთ კორეა-რუმინეთი, რუსეთი-გერმანია. 

კომენტარები

ბოლო ამბები