Thumbnail
  • 22-28 ივლისს ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობა გაიმართება
  • ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილია

22-28 ივლისს ჰამბურგის როტენბაუმ-შტადიონზე გერმანიის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი - €1 718 170) 113-ე გათამაშება გაიმართება, რომელსაც წლეულს ევროპის ღია პირველობის სტატუსი აქვს.

დღეს ჰამბურგში ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა, თუმცა მე-4 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილის (16) მეტოქე ვერ გაირკვა. ქართველ ჩოგბურთელს საკვალიფიკაციო ბადის ერთ-ერთი გამარჯვებული შეხვდება, საკვალიფიკაციოს თამაშები კი დღეს-ხვალ იმართება.

პირველი წრის გადალახვის შემთხვევაში ნიკას მეტოქე ან იტალიელი სალვატორე კარუზო (125) იქნება, ან არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო (71). მე-3 წრეში სავარაუდო მეტოქეთაგან ყველაზე ძლიერი მე-5 ნომრად განთესილი ფრანგი ბენუა პერი (28) იქნება. ასევე შეიძლება ბასილაშვილი (მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში) ფრანგებს, რიშარ გასკეს (50) ან ჟერემი შარდის (80) შეხვდეს.

ალექსანდერ ზვერევი (5), რომელიც უაილდ ქარდით მიიწვიეს და მე-2 ნომრად განთესეს ბადის იმ ნახევარშია, სადაც ბასილაშვილი. ასე რომ, მას ფინალამდე შეხვდება. აი, ტურნირის პირველი ჩოგანი დომინიკ ტიმი (4) კი ბადის მეორე მხარესაა და ტურნირს ურუგვაელ პაბლო კუევასთან (46) თამაშით იწყებს. შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ჩოგბურთელს წილისყრამ გაუმართლა.

თიხნარის კორტების ეს, ATP მსოფლიო სერიის 500-იანი სერიის ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, რადგან 2018 წელს ნიკამ აქ გაიმარჯვა და კარიერაში პირველად მოიგო ATP-ის ტურნირი. ახლა კი მას 520 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში. 2018 წ.

27 წლის ქართველ ჩოგბურთელს ამჟამად 1 995 სარეიტინგო ქულა აქვს და ის კარიერის პიკზეა, მსოფლიოს მე-16 ჩოგანია. ასე იქნება, ორშაბათის (22 ივლისი) რეიტინგ-ლისტშიც. აი, შემდეგ კი ქულების შესანარჩუნებლად, ჰამბურგის ევროპული პირველობა უნდა მოიგოს!

შარშან ჰამბურგში ნიკამ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო ATP ტურზე

შეგახსენებთ, რომ შარშან ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში საკვალიფიკაციო წრეში პირველ ნომრად იყო განთესილი. მან საკვალიფიკაციო ბადეში გერმანელი ტობიას კამკე და ავტრიელი იურგენ მელცერი დაამარცხა და ფინალურ ბადეში გავიდა. 

I წრეში მან გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი დაამარცხა - 7:5, 1:6, 6:4; მეორეში კი ურუგვაელ პაბლო კუევასს ორ სეტში მოუგო - 7:6 (8:6), 6:4. 1/4 ფინალში ნიკას ესპანელი პაბლო კარენიო ბუსტა შეხვდა და მასაც ორ სეტში მოუგო - 7:6 (7:3), 6:4.

ნახევარფინალში ნიკოლას იარისთან (ჩილე) სამ-სეტიანი ბრძოლაც ქართველმა მოიგო - 7:5, 0:6, 6:1 და ფინალში გავიდა. ფინალში ნიკამ არგენტინელ ლეონარდო მაიერთან სამ სეტში იმარჯვა - 6:4, 0:6, 7:5 და ტიტულს დაეუფლა. ამით მაშინ ქართველმა ATP-ის რეიტინგის 40-ეულში გააღწია და მსოფლიო აალაპარაკა. 

2019 წლის ტურნირის გამარჯვებული 500 ქულასა და €354 845-ს მიიღებს; ფინალისტი - 300 ქულასა და €178 220-ს. 

კომენტარები

ბოლო ამბები