Thumbnail

ჯიმი ტაბიძის გოლი და ავტოგოლი რუსეთის ჩემპიონატში - უფამ კრასნოდართან წააგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უფას მცველისთვის კრასნოდართან მატჩი კარგად დაიწყო და ცუდად დასრულდა
  • ჯიმი ტაბიძემ პირველ ტაიმში თავით მეტოქეს გაუტანა, მეორეში - თავის გუნდს
  • ქართველი ფეხბურთელისთვის ეს პირველი გოლებია რუსეთის ჩემპიონატში

საქართველოს ნაკრებისა და უფას მცველისთვის, ჯიმი ტაბიძისთვის რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის შეხვედრა არაერთგვაროვანი გამოვიდა - კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დასრულდა. 23 წლის ფეხბურთელმა კრასნოდართან მატჩის პირველ ტაიმში გოლი გაიტანა და თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ავტოგოლი მიითვალა და ეს მასპინძლებს წაგებად დაუჯდათ. 

ჯიმი ტაბიძე კრასნოდართან თამაშის წინ

უფამ საკუთარ მოედანზე კრასნოდარი მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. არადა, უფელებმა ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. ანგარიში კეტელინ კარპმა 29-ე წუთზე გახსნა, ტაბიძემ კი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, კუთხურის შემდეგ მაღალი ბურთისთვის ბრძოლა მოიგო და თავით შეაგდო.

ქართველი მცველისთვის, რომელიც უფას ღირსებას უკვე მესამე სეზონია იცავს, ეს პირველი გოლია რუსეთის ჩემპიონატში.

მეორე ტაიმში სტუმრებმა სამჯერ შეძლეს გატანა და 3 ქულის მოპოვება, გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე, რამირესის დარტყმის შემდეგ შეაგდეს, როდესაც ტაბიძემ ბურთის თავით მოგერიება წარუმატებლდა სცადა.

ჯიმი ტაბიძის გუნდს ჩემპიონატის საწყის ორ მატჩში ორი მარცხი აქვს და უქულოდაა. პირველ ტურში უფამ სტუმრად ურალთანაც ამ ანგარიშით წააგო - 2:3, მომდევნო მატჩს კი 27 ივლისს, შინ კრილია სოვეტოვთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები