Thumbnail
  • მადრიდის ატლეტიკოს თავკაცმა ბარსელონაში გადასულ ანტუან გრიზმანზე ილაპარაკა
  • 49 წლის არგენტინელი მწვრთნელი ფრანგ თავდამსხმელს გადადგმულ ნაბიჯს უწონებს 

ამ ზაფხულს, ატლეტიკოდან ბარსელონაში ანტუან გრიზმანის გადაბარგებას მადრიდში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ატლეტიკომ კატალონიელები ფრანგ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების ნაადრევად, კლუბის გვერდის ავლით გამართვაში დაადანაშაულა, სატრანსფერო ფასისთვის, რომელმაც 120 მილიონი ევრო შეადგინა, 80 მილიონის დამატება მოითხოვა და ჩივილითაც დაიმუქრა.

მეტი ამ თემაზე: სკანდალი ანტუან გრიზმანის ტრანსფერის გამო - ატლეტიკო სასამართლოში ჩივის

მაგრამ, 28 წლის ფრანგი თავდამსხმელის საქციელზე არ შფოთავს ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, რომელმაც ესპანურ პრესასთან ამ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიან ტრანსფერზე თავისი აზრი გამოთქვა: 

"ანტუანთან ბევრი მილაპარაკია. ისეთ კლუბში გადასვლით, როგორიც ბარსელონაა, გრიზმანმა კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მე ვაფასებ მის გადაწყვეტილებას. როგორც წესი, ასეთ დროს კლუბში ბრაზდებიან ხოლმე, მაგრამ არა მე. ჩვენთან გატარებული ხუთი წლის განმავლობაში, ანტუანი დიდებული იყო, შრომობდა უმაღლეს დონეზე და გაიზარდა, როგორც მოთამაშე. 

ანტუან გრიზმანი ატლეტიკოს ღირსებას 2014-19 წლებში იცავდა

როდესაც გრიზმანი ჩვენთან მოვიდა, გარემარბის როლს ითავსებდა. ვუთხარი, რომ უფრო ცენტრისკენ უნდა გაწეულიყო. მან დამიჯერა და ეს მას პროგრესირებაში დაეხმარა., რაც, როგორც მწვრთნელს, მაბედნიერებს.

მე ის ძალიან მიყვარს, ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. გრიზმანი დიდებულ გუნდში მოხვდა და თუკი იმ რიტმს შეინარჩუნებს, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აქცია, სეზონიც მშვენიერი გამოუვა", - აქვეყნებს სიმეონეს ნათქვამს Mundo Deportivo.

გრიზმანი სეზონის განახლებისთვის ახალ თანაგუნდელებთან ერთად უკვე ემზადება

ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოში რეალ სოსიედადიდან, 2014 წელს გადავიდა და კლუბის მაისურით სამი ტიტული მოიგო: ესპანეთის სუპერთასი (2014), ევროპალიგა (2017/18) და უეფას სუპერთასი (2018). 

49 წლის დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოს 2011 წლიდან წვრთნის. არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღავნელობით გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობა (2013/14), ესპანეთის თასი (2012/13) და ესპანეთის სუპერთასი (2014), ორ-ორჯერ ევროპალიგა (2011/12 და 2017/18 წლების სეზონებში) და უეფას სუპერთასი (2012 და 2018 წლებში) მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები