Thumbnail

'ქართველები არასდროს ვნებდებით' - ლიანა ჯოჯუა UFC-ში დებიუტისთვის ემზადება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლიანა ჯოჯუა UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 7 სექტემბერს, აბუ დაბიში ჩაატარებს
  • 24 წლის ქართველი გოგონა, მეტსახელად მგელი, გამარჯვებაში დარწმუნებულია
  • ლიანა რუსულ მედიას მომავალ ბრძოლაზე, სამშობლოსა და მეტსახელზე ესაუბრა

ქართველი მებრძოლი გოგონა ლიანა ჯოჯუა, რომელიც წლებია, რუსეთში ცხოვრობს და გამოდის, UFC-ში სადებუტო ბრძოლისთვის ემზადება. Fight Nights-ის ყოფილმა ჩემპიონმა უმსუბუქეს წონაში (61,2 კგ) მსოფლიოს საუკეთესო ლიგასთან კონტრაქტი წელს გააფორმა, პირველ ბრძოლას კი 7 სექტემბერს, აბუ-დაბიში გამართავს. ცნობილია, რომ ლიანას მეტოქე კანადელი სარა მორასი იქნება.

ლიანა კანადელ მეტოქესთან ბრძოლის წინ იმედიანადაა განწყობილი 

24 წლის ქართველი მებრძოლი გოგონა რუსულ მედიას თავის მოლოდინსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

"ორი კვირა შეკრებაზე ვიყავი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ახლა კი ვისვენებ და მეორე შეკრებისთვის ვემზადები, რომელსაც სამიოდე დღეში დავიწყებ. 

Fight Nights-ის საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ, კიდევ მინდოდა რუსეთში ერთი-ორი ბრძოლის გამართვა, მაგრამ გოგონებმა, რომლებთანაც Fight Nights-ში შეხვედრა მინდოდა, უარი თქვეს. დრო გავიდა და დავიწყეთ ფიქრი სხვა პრომოუშენებზე. გასაგები იყო, რომ Fight Nights ვერაფერს შემომთავაზებდა. დავიწყე ახალ მენეჯერთან მუშაობა, რომელმაც უმალ გამაწევრიანა UFC-ში. გადავწყვიტე, რომ რადგან რუსეთში აღარავინ მყავს ისეთი, ვისთანაც ვიჩხუბებ, მოვიდა დრო, რომ მსოფლიო დონეზე გამოვიდე.

📺 პოპულარული ფლეშმობი ლიანას შესრულებით

რაც შეეხება UFC-ში სადებიუტო ბრძოლას, იმედი მაქვს, რომ საემიროებში თავს სრულად წარმოვაჩენ და ისეთ გამარჯვებას ვიზეიმებ, როგორიც მიყვარს. ზოგადად, ქალების ორთაბრძოლებს თვალს ვადევნებ და ყველა პოტენციურ მეტოქეს ვიცნობ. სარა მორასს ჯიუჯიცუს კარგი ბაზა აქვს, სახიფათოა ჭიდაობაში და ამ კომპონენტში მისი დაუფასებლობა არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, მოგების კარგი შანსი მაქვს და ბუქმეკერებიც ფავორიტად მე მიმიჩნევენ".

ლიანა ჯოჯუამ რუსულ გამოცემას თავის მეტსახელზეც ელაპარაკა: 

"ჩემი მეტსახელია მგელი. ასე მოიხსენიებდნენ ქართველებს ისტორიულად. საქართველოსაც გურჯისტანს უწოდებდნენ, ანუ, მგლების ქვეყანას. ჩვენ არასდროს ვნებდებოდით ჩვენი მიწა-წყლისა და სარწმუნოებისთვის ბრძოლაში. და მეც, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, ასეთი მეტსახელი შემარქვეს".

ლიანა ჯოჯუა ამაყობს, რომ ქართველია

ლიანას საქართველო-რუსეთს შორის არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ჰკითხეს.

"ჩემთვის ძალიან მძიმეა ამის გადატანა, რადგან ორ ქვეყანაში მიწევს ცხოვრება. იმედი მაქვს, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მოწესრიგდება. ჩემთვის მტკივნეულია, რომ ჩემს სამშობლოში ასეთი რაღაცები ხდება. პოლიტიკა ში ცხვირს არ ვყოფ და ვამჯობინებ, ვაკეთო საკუთარი საქმე, მაგრამ ის, რაც ხდება, შეუძლებელია მეც არ მეხებოდეს", - ამბობს ლიანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები