Thumbnail

ტრანსფერები | იჯარა შეთანხმებულია - რომა იგუაინს კაპიტნის სამკლავურს პირდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსმა და რომამ გონსალო იგუაინის ერთწლიანი იჯარა შეათანხმეს 
  • გარიგებას 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელის თანხმობაღა სჭირდება
  • რომაული კლუბის ფანატებს გონსალო იგუაინის კაპიტნობა არ გაახარებთ

ტურინის იუვენტუსის ფორვარდი გონსალო იგუაინი რომაში გადასვლასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დედაქალაქურმა და ტურინულმა კლუბებმა უკვე შეათანხმეს 31 წლის არგენტინელის იჯარის პირობები. 

"მგლები" გონსალო იგაუნის ერთლწიან იჯარაში 9 მილიონ ევროს გადაიხდიან, ვადის გასვლის შემდეგ კი არგენტინელის კონტრაქტის 27 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ. საქმის ბოლომდე მისაყვანად კი რომაელებს იგუაინთან პირადი კონტრაქტის პირობები რჩებათ შესათანხმებელი. 

არგენტინელმა წინა სეზონი ჩელსისთან ერთად ევროპალიგის მოგებით დაასრულა 

იტალიურ მედიაში უკვე დაიწერა, რომ რომა მზადაა, გონსალოს კაპიტნის სამკლავურიც შესთავაზოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი რომას ფანატებს დიდად არ ესიამოვნებათ. რომაულ კლუბში ბოლო ათწლეულებში ეს პატივი კლუბის ისეთ ერთგულ მოთამაშეებს ხვდათ, როგორებიც იყვნენ: ჯუზეპე ჯანინი, ფრანჩესკო ტოტი, დანიელე დე როსი და ალესანდრო ფლორენცი.

რაც შეეხება იგუაინს, რომელსაც იუვენტუსთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, არგენტინელს ნათქვამი აქვს, რომ არ სურს სხვა იტალიურ კლუბში წასვლა და წინადადებებს მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან განიხილავს.

გონსალო იგუაინმა 2018/19 წლების სეზონი იჯარით ჯერ მილანში გაატარა, შემდეგ კი - ლონდონის ჩელსიში. როსონერის შემადგენლობაში არგენტინელმა სერია A-ს 15 მატჩში 6 გოლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა. ლონდონურ კლუბში ფეხბურთელმა თავი პრემიერლიგის 14 შეხვედრაში გატანილი 5 გოლით გამოიჩინა და ევროპალიგა მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები