Thumbnail

რა განსხვავებაა ანანიძესა და მესის შორის - ჯანოს ყოფილი მწვრთნელის მოსაზრება

  • მოსკოვის სპარტაკის 26 წლის ქართველ ნახევარმცველზე ვალერი კეჩინოვმა ისაუბრა
  • ჯანო ანანიძეს კეჩინოვი თავის დროზე მოსკოვის სპარტაკის დუბლებში წვრთნიდა

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკში დაბრუნდა და რუსეთის 2019/20 წლების ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში სასტარტოშიც გამოჩნდა. სპარტაკმა სოჩი ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ქართველმა ნახევარმცველმა კი, ადგილობრივი მედიის შეფასებით, არცთუ შთამბეჭდავად ითამაშა და ამიტომაც, მეორე ტაიმში შეცვალეს. 

კრიტიკოსების აზრით, ჯანომ სოჩისთან მოლოდინი ვერ გაამართლა

სპარტაკის ყოფილმა ფეხბურთელმა ვალერი კეჩინოვმა, რომელიც ჯანო ანანიძეს სპარტაკის დუბლებში 2007/08 წლებში წვრთნიდა, რუსულ მედიას ქართველი ნახევარმცველის პრობლემაზე ელაპარაკა და იმ მიზეზი დაასახელა, რაც 26 წლის ფეხბურთელს თავისი ტალანტის გამოვლენაში ხელს უშლის.

"აქ საქმე ფსიქოლოგიასთან არ გვაქვს. მე კარგად ვიცნობ ჯანოს, ის გაწონასწორებული, მშვიდი ბიჭია. ჩემი აზრით, საქმე ფიზიკაშია. ჯანოს ტექნიკა, ფეხბურთის ცოდნა რომ აქვს, ყველამ კარგად იცის, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ამ ტექნიკის გამოყენებას ოპტიმალური ფიზიკური ფორმა სჭირდება. 

ლეო ჯანოზე 1 სმ-ით დაბალია (170 სმ), მაგრამ მთელი 9 კგ-ით მძიმეა (72 კგ)

დღეს ფეხბურთი ძალიან მჭიდროა - მიიღებ თუ არა ბურთს, უმალ გიტევენ მეტოქეები. ამიტომაა, რომ ჯანო თითქოს იკარგება. მას არ აქვს ისეთი სისწრაფე, რეაქტიულობა, როგორც მესის. თანაც, არგენტინელს ბურთი მარცხენა ფეხზე "გამობმული" აქვს და ყველაფერს ძალიან სწრაფად ასრულებს, მეტოქეები კი ვერ ასწრებენ მის შეჩერებას. ჯანოს მოწინააღმდეგეები უმკლავდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოლოგიური მონაცემებით, ანანიძე და მესი გვანან ერთმანეთს. 

ჯანოს მომატება ფიზიკაში სჭირდება, რათა მუდმივად ტონუსში იყოს და ყველა ტექნიკური ელემენტი ძალიან სწრაფად შეასრულოს. ამ შემთხვევაში ექნება მას შანსი, ითამაშოს რუსეთის ტოპკლუბებში. 

სპარტაკი მეორე ტურის მატჩს სტუმრად როსტოვთან 20 ივლისს ჩაატარებს

ის სულ პატარა ბიჭი იყო, როდესაც ჩვენთან სპარტაკის დუბლებში მოვიდა. ვხედავდით, რომ მას ბრწყინვალე ხედვა და ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდა - აკეთებდა პასს, იტანდა გოლებს. ჯანოს მის საყვარელ პოზიციაზე ვაყენებდით - თავდასხმასთან ახლოს, პლეიმეიკერად. იქ გამორჩეული იყო, მაგრამ დუბლების მატჩებში არ იყო ისეთი სიხისტე, როგორიც ახლა პრემიერლიგაშია. სპარტაკი ძირითადად თამაშს პოზიციურ შეტევაზე აგებს, მეტოქეები კი ხშირად მთელი გუნდით იცავენ თავს და ეს ჯანოსთვის სირთულეებს ქმნის", - ამბობს კეჩინოვი.

კომენტარები

ბოლო ამბები