Thumbnail
  • როგორც იქნა, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.
  • ზამთრის პერიოდის მთავარი არშემდგარი ტრანსფერი რიად მაჰრეზია.
  • ...მაგრამ მოდით, ჩვენ უფრო საინტერესო არშემდგარი გარიგებები გავიხსენოთ.

1. რონალდო

1994 წელს რონალდო 17 წლის ბიჭი იყო, რომელიც კრუზეიროში თავისი ტალანტით ყველას ანცვიფრებდა. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ სანამ “კიჭა” პსვ ეინდჰოვენში გადავიდოდა, ის ერთ გერმანელს მოეწონა. ეს გახლდათ რალფ რანგნიკი, რომელიც ახლა ლაიპციგის სპორტული დირექტორია, მაშინ კი შტუტგარტის A-იუნიორების თავკაცი იყო.

ზამთრის ტრანსფერები

რალფი ბრაზილიაში ჩავიდა და რონალდოს გერმანიაში წაყვანას გეგმავდა. კრუზეირომ რანგნიკს 8 მილიონი მარკა მოსთხოვა. რალფმა გერმანიაში გადარეკა და შეფებს უთხრა, ეს ბიჭი აუცილებლად უნდა ვიყიდოთო, მაგრამ შტუტგარტელებს რონალდოში 8 მილიონი მარკა დაენანათ. რონალდოს არაერთხელ უთქვამს, რომ სწორედ შტუტგარტი იყო პირველი კლუბი მთელს მსოფლიოში, რომელიც მისი გადაბირებით დაინტერესდა.

2. რონალდინიო

იან კოლერი! ტომაშ როსიცკი! მარსიო ამოროზო! 2001 წელს დორტმუნდის ბორუსიამ სახელოვან ფეხბურთელებში დიდი თანხების გადახდა დაიწყო. BVB-ს ხელმძღვანელებმა გრემიო პორტო ალეგრესაც მიაკითხეს - მათ ნიჭიერი რონალდინიო მოსწონდათ. თუმცა ბრაზილიელი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. “დორტმუნდში დიდი კონკურენცია იყო. პსჟ ამიტომაც ავირჩიე,” - თქვა რონალდინიომ მოგვიანებით. 

3. დავორ შუკერი

ვერდერის მწვრთნელი აად დე მოსი ბოლო წუთამდე დარწმუნებული იყო, რომ ხორვატი თავდამსხმელი დავორ შუკერი მის გუნდში გადადიოდა. ბრემენული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი კლაუს-დიტერ ფიშერი იფიცებოდა, ყველაფერი შეთანხმებული და გადაწყვეტილიაო. ვერდერში გაოგნებულები იყვნენ, როცა სევილიიდან ფაქსი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ შუკერი სევილიაში კიდევ ერთი წლით დარჩებოდა. ასეც მოხდა, ერთი წლის შემდეგ კი შუკერი მადრიდის რეალში გადავიდა. იმ დროს აად დე მოსი ვერდერიდან უკვე დიდი ხნის გაგდებული გახლდათ...

4. მაიკლ ესიენი

2002 წლის ზაფხულში გერმანული ვოლფსბურგი ახალ საყრდენ ნახევარმცველს ეძებდა. “მგლებმა” ფრანგული ბასტიას 19 წლის ფეხბურთელი, მაიკლ ესიენი მიიწვიეს.

იმ დროს ყველასათვის უცნობმა ესიენმა ვოლფსბურგის სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ვოლფსბურგელებს ეძვირათ. საბოლოო ჯამში, ესიენის ნაცვლად მათ პაბლო ტიამი გადაიბირეს.

ვისაც ეს უკანასკნელი ახსოვს, ხუთიანი ბუნდესლიგის ცოდნაში!!!

5. რუდი ფიოლერი

მენეჯერად რიუდიგერ ლამი ჰყავდათ, რომელმაც 250 სპონსორი იპოვნა და ბილეფელდის არმინიამ, რომელიც იმხანად მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდა, ისეთი ფეხბურთელები გადაიბირა, როგორებიც თომას ფონ ჰეეზენი, ფრიც ვალტერი (ის არა! უმცროსი ფრიცი) და ული შტაინი იყვნენ. ერთადერთი, ვისი შეძენაც ასევე ძალიან უნდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, რუდი ფიოლერი იყო. ლამი ამ ჩაშლილი ტრანსფერის გამო მერე თავბედს იწყევლიდა - ყველაფერი ჩემი ბრალიაო. ფიოლერი კი ლევერკუზენში დარჩა.

6. მიშელ პლატინი

სანამ ტურინის იუვენტუსში გადავიდოდა მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი გახდებოდა, ნანსის 19 წლის ტალანტი მიშელ პლატინი პირველ ბუნდესლიგაში აღზევებულ ზაარბრიუკენში სინჯებზე მიიწვიეს. ეს ყველაფერი 1976 წელს ხდებოდა.

ზაარბრიუკენის მწვრთნელმა სლობოდან ჩენდიჩმა თქვა, ძალიან მაღალი და თხელია, არ გამოგვადგებაო. შესაბამისად, მიშელ პლატინი შინ დაბრუნდა და ამ ისტორიის გაგრძელება ყველამ იცის.

7. ალეშანდრე პატო

2007 წელს ბერლინის ჰერტას მენეჯერი დიტერ ჰიონესი 16 წლის ალეშანდრე პატოს შეძენასთან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ჰიონესმა თქვა, რომ პატოში 3 მილიონი ევროს გადახდა არ უღირდა. აი, მილანს კი უღირდა. 2011 წელს პატოს პასი უკვე 33 მილიონი ევრო იყო.

8. პელე

1964 წელს ჰანოვერი პირველ ბუნდესლიგაში აღზევდა და შეფებმა გუნდის გაძლიერება გადაწყვიტეს. ისინი სანტოსს დაუკავშირდნენ - პელეს თაობაზე, რა თქმა უნდა. მაგრამ ტრანსფერი შეუძლებელი იყო. პელეს უცხოეთში გადასვლა სახელმწიფოსგან ჰქონდა აკრძალული...

► ტრანსფერები: ინგლისის პრემიერლიგამ ყველა რეკორდი მოხსნა!

კომენტარები

ბოლო ამბები