Thumbnail

'აქ მოვედი, რათა ვისწავლო' - დე ლიხტის პრეზენტაცია იუვენტუსში

  • ტურინის იუვენტუსმა 19 წლის ჰოლანდიელი მცველი ოფიციალურად წარადგინა
  • მატეის დე ლიხტი ბებერი ქალბატონის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს

ტურინის იუვენტუსმა მატეის დე ლიხტი ოფიციალურად წარადგინა. ამსტერდამული კლუბი 19 წლის მცველის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებს. იუვემ აიაქსს ეს თანხა 5 წლის განმავლობაში უნდა გადაურიცხოს - ბონუსებით დე ლიხტის ფასი, შესაძლოა, 10,5 მილიონით გაიზარდოს. ჰოლანდიელმა ტურინელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. მისი წლიური ხელფასი 12-დან 15 მილიონ ევრომდე იქნება.

📋 მეტი ამ თემაზე

19 ივლისს გამართულ პრეზენტაციაზე მატეის დე ლიხტმა კომენტარი გააკეთა: 

"ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და მართალია, აიაქსში უკვე საკმაო გამოცდილება მივიღე, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ ვისწავლო. ეს წინგადადგმული დიდი ნაბჯია. ძალიან ვაფასებ იმ ემოციას, რომელიც იუვეს გულშემატკივრებისგან მივიღე. იმედი მაქვს, რომ შევძლებ, ანალოგიურად ვუპასუხო მათ. 

მატეის დე ლიხტი იუვეს ფანატებმა მოხიბლეს

ჩემი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყო. ახლა უნდა შევეგუო ახალ პირობებსა და ახალ ჩემპიონატს და იმედია, მაქსიმუმის გაღებას მოვახერხებ. მართალია, რომ სარის ვესაუბრებოდი. ის არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რამაც აქ მომიყვანა. კარგად გავეცანი მის ფილოსოფიას და ხედვას, თუ როგორ აგებს დაცვით ხაზს.

დე ლიხტმა ჩემპიონთა ლიგაში გოლი იუვენტუსს გაუტანა

ჩემი ფოტოსურათი იუვენტუსის მაისურით? ეს იყო 2006 წელს. როგორც მცველი, აღფრთოვანებული ვიყავი ფაბიო კანავაროთი. იუვენტუსის მიმართ ყოველთვის დადებითი გრძნობა მქონდა და ვიყავი მისი გულშემატკივარი. როდესაც აქ აიაქსთან ერთად ვითამაშე, აღფრთოვანებული დავრჩი "ალიანც არენაზე" გამეფებული ატმოსფეროთი. 

ჩემთვის "4" განსაკუთრებულია. ასევე მნიშვნელოვანია ამ ნომრის მემკვიდრეობა იუვენტუსისთვისაც და შესაბამისად, იმედი მაქვს, ღირსეულად ვატარებ მას".

ახალგაზრდა ჰოლანდიელს ზურგზე აიაქსშიც 4-იანი ეწერა 

იუვენტუსში 4-ნომრიანი მაისურით ბოლო წლებში მედჰი ბენატია და მარტინ კასერესი თამაშობდნენ, იქამდე კი ამ ნომრით ტურინში პაოლო მონტერო, პატრიკ ვიეირა და ფელიპე მელო გამოდიოდნენ. ტურინულ კლუბში ყველაზე გამორჩეულ "ოთხიანად" კი მაინც ბეპე ფურინო მიიჩნევა, რომელიც კლუბის ღირსებას 1969-84 წლებში იცავდა და ათი წლის განმავლობაში მისი კაპიტანი იყო.   

იუვემ დე ლიხტისთვის ბრძოლა ბარსელონას, პარი სენ-ჟერმენს, მანჩესტერ იუნაიტედს, მანჩესტერ სიტის და მიუნხენის ბაიერნს მოუგო. ამბობენ, რომ ჰოლანდიელის გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ერთა ლიგის ფინალის შემდეგ დე ლიხტს იუვეში გადასვლა შესთავაზა.

კომენტარები

ბოლო ამბები