Thumbnail
  • დეტროიტ პისტონსში ბლეიკ გრიფინის დებიუტი შედგა.
  • 28 წლის ახალწვეული პირველივე მატჩში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.
  • ჰარდენის ორმაგი დუბლი სან ანტონიოსთან
  • დენვერმა ოკლაჰომას დამარცხება შეძლო
  • რასელ ვესტბრუკმა 21 პასი გააკეთა

ბლეიკ გრიფინი დეტროიტში ამაზე უკეთეს დებიუტს ვერ ინატრებდა. პისტონსის ახალწვეულმა პირველივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა - დეტროიტმა მემფისი 104:102 დაამარცხა, თავად ბლეიკმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

28 წლის მძიმე ფორვარდმა 24 ქულა ჩააგდო და გარდა ამისა, 10 მოხსნა და 5 პასი გააკეთა. ასეთი შედეგით გრიფინი არა მარტო თავისი გუნდის, არამედ მთლიანად მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

“უბრალოდ მინდოდა, რომ კარგად მეთამაშა. ძალიან მოვინდომე და შესაბამისად ყველაფერი კარგად გამოვიდა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ გრიფინმა.

შეგახსენებთ, რომ გრიფინი დეტროიტ პისტონსში ოთხშაბათს, ყველასათვის მოულოდნელად, ლოს ანჯელეს კლიპერსიდან გაიცვალა. მან თავისი თრეიდის შესახებ ტვიტერიდან შეიტყო და თვითონაც “შოკირებული” იყო.

გრიფინთან ერთად, პისტონსის სხვა სტარტერებმაც ქულების ორციფრიან ნიშნულებს მიაღწიეს. მემფისიდან საუკეთესო 19 ქულით მარკ გაზოლი იყო. დეტროიტი 24 მოგებით და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა (საპლეიოფო მე-8 ადგილისთვის ფილადელფიას ებრძვის). მემფისს 18 მოგება და 33 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთში მე-12 პოზიციაზეა.

ჰარდენი ისევ ყველაზე შედეგიანი იყო

წარმატებული საღამო ჰქონდა ჰიუსტონსაც - როკეტსმა სან ანტონიო 102:91 დაამარცხა. ჯეიმს ჰარდენი კვლავ ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახლდათ: 28 ქულით, 2 მოხსნით და 11 პასით მან ორმაგი დუბლი შეასრულა. სან ანტონიოდან საუკეთესო დენი გრინი იყო - 22 ქულით.

რასელ ვესტბრუკის 21 პასი!

დენვერის პუბლიკამ უაღრესად შემტევი კალათბურთი იხილა - ნაგეთსმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ოკლაჰომას დამარცხება შეძლო (127:124).

ტრადიციულად შესანიშნავად ითამაშეს პოლ ჯორჯმა და რასელ ვესტბრუკმა - პირველმა 43 ქულა გააკეთა, მეორემ - 20. თუმცა ვესტბრუკის შემთხვევაში ეს კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ მან 21 პასი (!) გააკეთა და კარიერის რეკორდის გამეორამდე 1 ასისტი დააკლდა. გამარჯვებული დენვერიდან საუკეთესოები ჯამალ მიურეი (33 ქულა), ნიკოლა მიროტიჩი (29) და გარი ჰარისი (25) იყვნენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები