Thumbnail

'შეცდომაა, რომ პუტინი სუპერმენი გვგონია' - კრიტიკა რუსი ჰოკეისტისგან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არტიომი პანარინმა, რომელიც წლებია NHL-ში გამოდის, პუტინზე ღიად ისაუბრა
  • რუსი ჰოკეისტის თქმით, მის ქვეყანაში ხელისუფლების კრიტიკისთვის კლავენ 

ცნობილი რუსი ჰოკეისტი არტიომი პანარინი, რომელიც წლებია NHL-ში გამოდის, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებს. რუსეთის ნაკრებისა და ნიუ იორკ რეინჯერსის 27 წლის ჰოკეისტი ამბობს, რომ მას არ მოსწონს უკანონობა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც მის ქვეყანაში ხდება.

პანარინმა პუტინზე ერთ-ერთ YouTube-არხზე მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ილაპარაკა.

"ვფიქრობ, პუტინი უკვე ვეღარ არჩევს კარგსა და ცუდს. მგონია, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მისთვის უკვე რთულია საღად შეაფასოს ვითარება. უამრავი ადამიანია, რომლებიც მას რაღაცებს ეუბნებიან და გადაწყვეტილებებს აღებინებენ. როცა 20 წლის განმავლობაში ჩაგჩიჩინებენ, რომ ყოჩაღი ხარ და ყველაფერს სწორად აკეთებ, როგორღა მიხვდები, რომ შედომებს უშვებ?", - ამბობს პანარინი.

პუტინი რუსეთის პრეზიდენტი 1999-2008 წლებში იყო და ამ თანამდებობაზე 2012 წელს დაბრუნდა

ჰოკეისტი პარალელს აშშ-სთან ალებს, სადაც პრეზიდენტს მაქსიმუმ ორი ვადით ირჩევენ.

"დიახ, პუტინი მყარად არის მოკალათებული სკამზე. არ მომწონს უკანონობა. კაცი 19 წელიწადია, მმართველია და კანონიერების მხრივ ვერ გავიზარდეთ. სამწუხაროდ, იმ ამომრჩეველთა 70%-ს, რომელიც მას ხმას აძლევს, სიმართლე არც აინტერესებს. ხმას აძლევენ იმის გამო, რომ არ არის სხვა საკადრისი ვარიანტი, არ არის სიტყვის თავისუფლება, არხები, რომლებიც ბებიებს სიმართლეს ეტყოდნენ…

ჩვენთან ხელისუფლებაზე აუგს ვერ იტყვი - მოგკლავენ, მოგწამლავენ… იმავე სპორტსმენებს აშშ-ში შეუძლიათ, ღიად შეურაცხყონ პრეზიდენტი და ამისთვის არაფერი დაემართებათ... ჩვენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ პუტინს სუპერმენად მივიჩნევთ. სინამდვილეში, პუტინი ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ და წესით, ხალხს უნდა გვემსახურებოდეს", - ამბობს ჰოკეისტი.

კომენტარები

ბოლო ამბები