Thumbnail

ქუთაისის ტორპედომ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა. კახა ჩხეტიანის გუნდმა თბილისში ყაზახურ ორდაბასს უმასპინძლა. მატჩი 0:2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი ყაზახებმა 3:0 მოიგეს.

კახა ჩხეტიანმა 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და შეტევაზე გააკეთა აქცენტი. წინა ხაზზე დოლიძე, კობახიძე და კაპანაძე მოქმედებდნენ. ორდაბასის ქართველმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ არ გარისკა და პრიორიტეტი საკუთარი კარის უსაფრთხოებას მიანიჭა. სწორედ ამაზე მიუთითებს ყაზახური გუნდის ტაქტიკა: 5-3-2 და ფრთხილი თამაში.

პირველი ტაიმი ტორპედოს უპირატესობით წარიმართა, თუმცა ყაზახები მჭიდროდ იდგნენ დაცვაში და ქუთაისელებს უჭირდათ სახიფაო მომენტების შექმნა. მე-14 წუთზე გატანა შეეძლო გრიგოლ დოლიძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა.

დოლიძის მომენტი

პირველ ნახევარში დოლიძემ კიდევ ერთხელ დაარტყა ხელსაყრელი პოზიციიდან, თუმცა ბურთი ააცილა მიზანს. იყო ეპიზოდი, როდესაც მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა.

კაპანაძის ეპიზოდი

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი შეიცვალა. ტორპედომ მოუკლო და ყაზახური გუნდის კართან მომენტები პრაქტიკულად არ იქმნებოდა. სამაგიეროდ, ორდაბასი გადავიდა შეტევაში: პირველი რეალური მომენტი სტუმრებს სწორედ მეორე ნახევარში ჰქონდათ, დასარტყმელ პოზიციაზე კი ბადიბანგა იყო.

ბადიბანგას მომენტი

ორდაბასმა ტემპი არ დააგდო და 82-ე წუთზე მოკლა კიდეც ორ-მატიანი დუელის ინტრიგა. გოლი ტექნიკური დარტყმით მირზად მეჰანოვიჩმა გაიტანა. ტორპედოს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სამი გოლი სჭირდებოდა, რაც უკვე უტოპია იყო.

0:1 მეჰანოვიჩი (82)

ბოლო წუთებზე ტორპედომ კიდევ უფრო მოუკლო და მეორე გოლი გაუშვა. ორდაბასის კომბინაცია ზიგუი ბადიბანგას ზუსტი დარტყმით დასრულდა, 0:2 და 0:3 ორი მატჩის ჯამში. ქუთაისურმა გუნდმა იბრძოლა, მაგრამ პრაქტიკულად ახლადშექმნილ გუნდს ყაზახური ბარიერის გადასალახად ძალა არ ეყო.

0:2 ბადიბანგა (90)

ტორპედო 0:2 (0:1) ორდაბასი

გოლები: 0:1 მეჰანოვიჩი (82), 0:2 ბადიბანგა (90).

ტორპედო (4-3-3): კვასხვაძე - ჭიჭინაძე, ხურცილავა, ნადარაია, ნებიერიძე - ტაბატაძე (80. იონანიძე), ცინცაძე, ფონიავა - დოლიძე (59. ციცქიშვილი), კობახიძე, კაპანაძე (61. ჩოგაძე).

ორდაბასი (5-3-2): ნეპოგოდოვი - ბისტროვი, ერლანოვი, ფონტანელო, მალი, დოსმაგამეტოვი - კოვალჩუკი (72. მეჰანოვიჩი), დიახატე, მალანგუ - შჩეტკინი (61. ბადიბანგა), და სილვა (86. შამში).

კომენტარები

ბოლო ამბები