Thumbnail
  • დატოვებს თუ არა მანჩესტერ სიტის ლეროი სანე?
  • მისი გადაბირებისთვის მიუნხენის ბაიერნს იბრძვის
  • გვარდიოლას გერმანელის გაშვება არ სურს

მიუნხენის ბაიერნი მანჩესტერ სიტიდან ლეროი სანეს გადაბირებას ცდილობს. მართალია, ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის, მაგრამ რეკორდმაისტერი არ ნებდება. ამ თემას ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გამოეხმაურა - პეპი იმედოვნებს, რომ სანე სიტიში დარჩება.

გერმანიის ნაკრების გარემარბის შესაძლო ტრანსფერზე გვარდიოლამ ვესტ ჰემთან ტესტ-მატჩის (4:1) შემდეგ ისაუბრა: “ჩემი სურვილია, რომ მანჩესტერ სიტიში ყველა ბედნიერი იყოს. თუ ვინმეს აქ ყოფნა არ სურს, უნდა წავიდეს. ჩემი სურვილია, რომ სანე სიტიში დარჩეს!” - განაცხადა პეპმა.

ლეროი სანემ არჩევანი უნდა გააკეთოს

ამავდროულად, გვარდიოლამ სანე შეაქო: “მანჩესტერ სიტიში ის 2016 წლიდან თამაშობს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მას და რა პოტენციალი აქვს სამომავლოდ. სანე განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომლის მსგავსის პოვნა ადვილი არ არის.”

მიუნხენის ბაიერნში არ მალავენ, რომ 23 წლის სანეს შეძენა სურთ. ბავარიულ გრანდში ის ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის ღირსეულ შემცვლელად მიაჩნიათ. გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენელები სანესგან პასუხს ელოდებიან და თუკი გელზენკირხენის შალკეს ყოფილი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში დაბრუნებით დაინტერესებას გამოხატავს, სიტისთან მოლაპარაკებები მაშინვე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები