Thumbnail
  • ჩიხურა 2:1 ფოლა ეში
  • სოსო ფრუიძის შეგირდებმა ლუქსემბურგელებს ორი მატჩის ჯამში 4:2 მოუგეს
  • საჩხერის ჩიხურას მომდევნო მეტოქე აბერდინი-როვანიემის წყვილში გაირკვევა 

საჩხერის ჩიხურასთვის ევროსეზონი გრძელდება. სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ ნაბიჯი ჯერ კიდევ ფოლასთან პირველ მატჩში გადადგა, როდესაც ლუქსემბურგში ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. იგივე ანგარიში დაფიქსირდა თბილისშიც.

"დინამო არენაზე" პირველი 20 წუთის განმავლობაში საყურადღებო არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ლუქსემბურგელთა იერიშს, რის შემდეგაც კენ კორალი ცდილობდა დინო ჰამზიჩის კარში ბურთის თავით გადაგზავნას, მაგრამ ვერ შეწვდა. 

ხიფათი ჰამზიჩის კართან

სამაგიეროდ შედეგიანი აღმოჩნდა მასპინძელთა საპასუხო შეტევა. მიხეილ სარდალიშვილის პასის შემდეგ, რატი არდაზიშვილმა ჩიხურას მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

1:0  არდაზიშვილი (25')

ფოლას მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ დამძიმდა, რაც 32-ე წუთზე, ბესიკ დეკანოიძის სახიფათო იერიში ლუქსემბურგელთა მცველმა, ველდან მუჰარემოვიჩმა წესების დარღვევით შეაჩერა. არბიტრმა ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა და ფოლა 10 კაცით დატოვა. 

მუჰარემოვიჩის ფოლი (32')

ამის შემდეგ თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა. ჩიხურა ბურთს მშვიდად აგორებდა, კაცნაკლულ ლუქსემბურგელებს კი მეტი უბრალოდ არ შეეძლოთ. 

სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა. მხოლოდ საგოლე პასით არ დაკმაყოფილდა მიხეილ სარდალიშვილი, რომელმაც 73-ე წუთზე საჩხერელთა იერიში გატანილი გოლით, მეორე მცდელობის შემდეგ დაასრულა. მისი პირველი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ ბურთი ისევ სარდალიშვილთან დარჩა და ამ უკანასკნელს ცარიელ კარში მისი გადაგზავნა არ გასჭირვებია.

2:0 სარდალიშვილი (73')

ერთადერთი, რაც სტუმრებმა მოახერხეს, მატჩის მიწურულს ანგარიშის სხვაობის 11-მეტრიანით შემცირება იყო. დავით მაისაშვილმა თავის საჯარიმოში კენ კორალზე იუხეშა, დეივიდ სინაიმ კი პენალტი ზუსტად დაარტყა. 

2:1 სინანი (89' პენ.)

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩიხურას მეტოქე შოტლანდიური აბერდინისა და ფინური როვანიემის წყვილში უნდა გამოვლინდეს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა აბერდინმა შინ 2:1 მოიგო, საპასუხო მატჩი კი ფინეთში 18 ივლისს გაიმართება.

ჩიხურა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უპრობლემოდ  გავიდა

ჩიხურა 2:1 ფოლა ეში

გოლები: 1:0 არდაზიშვილი (25'), 2:0 სარდალიშვილი (73'), 2:1 სინანი (89' პენ.).

გაძევება: მუჰარემოვიჩი (32').

ჩიხურა (4-3-3): ჰამზიჩი - კორიფაძე, მაისაშვილი, მამასახლისი, ჩიკვაიძე - ჩიხლაძე, კაშია (ჩიტეიშვილი, 76'), სარდალიშვილი - დეკანოიძე (ლექვთაძე 63'), ფანცულაია, არდაზიშვილი (ერგემლიძე, 68').

ფოლა ეში (4-1-4-1): კაბრალი - მერში (უასერო, 68'), კლაინი, ბერნარდი, საკრასი - ფრეირე (ჰაჯი, 75') - კორალი, სინანი, მუჰარემოვიჩი, სეიდი - კარონი (46' დრიფი).

კომენტარები

ბოლო ამბები