Thumbnail
  • 22-28 ივლისს ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობა იწყება
  • ბასილაშვილი, სავარაუდოდ, მე-4 ნომრად განთესილი იქნება

22-28 ივლისს ჰამბურგის როტენბაუმ-შტადიონზე გერმანიის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი - €1 718 170) 113-ე გათამაშება გაიმართება, რომელსაც წლეულს ევროპის ღია პირველობის სტატუსი აქვს.

თიხნარის კორტების ეს, ATP მსოფლიო სერიის 500-იანი სერიის ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, რადგან 2018 წელს ნიკამ აქ გაიმარჯვა და კარიერაში პირველად მოიგო ATP-ის ტურნირი. ახლა კი მას 520 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. 

27 წლის ქართველ ჩოგბურთელს ამჟამად 1 995 სარეიტინგო ქულა აქვს და ის კარიერის პიკზეა, მსოფლიოს მე-16 ჩოგანია. ასე იქნება, ორშაბათის (22 ივლისი) რეიტინგ-ლისტშიც. აი, შემდეგ კი ქულების შესანარჩუნებლად, ჰამბურგის ევროპული პირველობა უნდა მოიგოს!

ჰამბურგის ბადე 10 ივნისის რეიტინგის მიხედვით შედგება (ბასილაშვილი - 17). მასზე წინ რეიტინგში მხოლოდ დომინიკ ტიმი (4) და ფაბიო ფონინი (9) იყვნენ, მაგრამ ვითარება რამდენიმე დღის წინათ შეიცვალა, როცა საშა ზვერევმა მიიღო ორგანიზატორების წინადადება და ტურნირზე "უაილდ ქარდით" ითამაშებს. საშა ჰამბურგელია და ის ავტომატურად ხდება ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და თან, მსოფლიოს მე-5 ჩოგანი მე-2 ნომრად განთესილიც იქნება. ასე რომ, ბასილაშვილს მე-4 ნომრად განთესავენ.

შეგახსენებთ, რომ შარშან ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში საკვალიფიკაციო წრეში პირველ ნომრად იყო განთესილი. მან საკვალიფიკაციო ბადეში გერმანელი ტობიას კამკე და ავტრიელი იურგენ მელცერი დაამარცხა და ფინალურ ბადეში გავიდა. 

I წრეში მან გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი დაამარცხა - 7:5, 1:6, 6:4; მეორეში კი ურუგვაელ პაბლო კუევასს ორ სეტში მოუგო - 7:6 (8:6), 6:4. 1/4 ფინალში ნიკას ესპანელი პაბლო კარენიო ბუსტა შეხვდა და მასაც ორ სეტში მოუგო - 7:6 (7:3), 6:4. ნახევარფინალში ნიკოლას იარისთან (ჩილე) სამ-სეტიანი ბრძოლაც ქართველმა მოიგო - 7:5, 0:6, 6:1 და ფინალში გავიდა. ფინალში ნიკამ არგენტინელ ლეონარდო მაიერთან სამ სეტში იმარჯვა - 6:4, 0:6, 7:5 და ტიტულს დაეუფლა. ამით მაშინ ქართველმა ATP-ის რეიტინგის 40-ეულში გააღწია და მსოფლიო აალაპარაკა. 

2019 წლის ტურნირის გამარჯვებული 500 ქულასა და €354 845-ს მიიღებს; ფინალისტი - 300 ქულასა და €178 220-ს. 

კომენტარები

ბოლო ამბები