Thumbnail
  • მატეის დე ლიხტის შეძენა თითქმის ყველა ტოპ-კლუბს სურდა
  • აიაქსის ტალანტმა გადაწყვეტილება იუვენტუსის სასარგებლოდ მიიღო 
  • უარი ბარსელონას, პსჟ-ს, ბაიერნს - რატომ აირჩია ჰოლანდიელმა იუვე?

“ცოტათი შოკირებული ვიყავი, ამიტომაც გამეცინა,” - თქვა მატეის დე ლიხტმა ერთა ლიგის ფინალის შემდეგ, მისი და კრიშტიანო რონალდოს საუბრის შესახებ. გაირკვა, რომ რონალდომ მას იუვენტუსში გადასვლა შესთავაზა. “თავიდან ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა, არ მესმოდა.”

ეს ამბავი ივნისის დასაწყისში მოხდა. აიაქსთან ერთად ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, დე ლიხტისთვის უკვე თითქმის ყველა ტოპ-კლუბი იბრძოდა, განსაკუთრებით კი ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი და პარი სენ-ჟერმენი აქტიურობდნენ. იუვენტუსი 19 წლის ჰოლანდიელისთვის ბრძოლაში ფავორიტად არ მიიჩნეოდა. ახლა კი ეს უკვე რეალობაა: დე ლიხტი ტურინშია!

ითამაშა თუ არა კრიშტიანო რონალდოს სიტყვებმა მნიშვნელოვანი როლი? ამაზე ჯერ მხოლოდ სპეკულირება შეიძლება. ფაქტი ის არის, რომ დე ლიხტმა ცოტა ხნის წინ, Voetbal International-თან ინტერვიუში თქვა, კრიშტიანო ჩემთვის მისაბაძი მაგალითია, ბავშვობაში, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, ყოველთვის კრიშტიანო რონალდო მინდოდა ვყოფილიყავიო. მომდევნო სეზონში დე ლიხტი რონალდოს თანაგუნდელი იქნება!

მატეის დე ლიხტი და იუვენტუსის ფანები

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიური გრანდი 19 წლის ცენტრალურ მცველს 70 მილიონ ევროდ ყიდულობს. თუმცა, შეთანხმებაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ბონუსები, რომელთა ამოქმედების შემთხვევაში, ამსტერდამული კლუბი მეტსაც მიიღებს. ჰოლანდიელის კონტრაქტს ტურინში ვადა 2024 წლამდე ექნება და წელიწადში მინიმუმ 12 მილიონ ევროს მიიღებს. ‘ოქროს კედელი’ - ასეთი სათაურით გამოეხმაურა ‘კორიერე დელო სპორტი’ დე ლიხტის ტრანსფერს.

შედარებისთვის: მანჩესტერ იუნაიტედი ლესტერიდან ცენტრალურ მცველ ჰარი მაგუაირს 89 მილიონ ევროდ ყიდულობს. ეს უკანასკნელი დე ლიხტზე ძვირი გამოდის…

თუ რამდენად ძვირფასია მატეის დე ლიხტი, ეს ‘ტუტოსპორტის’ მიერ 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელებულმა მცველმა გასულ სეზონში დაამტკიცა. აიაქსის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ამსტერდამული კლუბის სენსაციურ წარმატებაში - გუნდი ბევრისთვის მოულოდნელად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და გზად სწორედ იუვენტუსი დაამარცხა.

დე ლიხტის გამარჯვების გოლი იუვენტუსის კარში - აიაქსმა ტურინში 2:1 მოიგო

ბევრს გაუკვირდა, რომ დე ლიხტი ინგლისში, ან ესპანეთში კი არ მიდის, არამედ იტალიაში, სადაც იუვენტუსი წლებია, პრაქტიკულად უკონკურენტოა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ჰოლანდიელისთვის მთავარი არც ფულია - ცხადია, პსჟ, სიტი და ბარსელონა უფრო მეტს შესთავაზებდნენ. დამაინც: რატომ იუვე?

ივარჯიშებს რონალდოსთან, ისწავლის კიელინისგან

მატეის დე ლიხტი ყოველდღე ივარჯიშებს კრიშტიანო რონალდოსთან ერთად. 19 წლის მცველის განვითარებისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე უმნიშვნელოვანესი ასპექტია ის, რომ დე ლიხტს შეეძლება, ჯორჯო კიელინისგან და ლეონარდო ბონუჩისგან ბევრი რამ ისწავლოს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დე ლიხტი იუვესთვის წელს ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია - უდიდესი ინვესტიცია სამომავლოდ. ჰოლანდიელი 19 წლის ასაკში უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და თუ ჰოლანდიელების მენტალიტეტს გავითვალისწინებთ, მას შეიძლება მხოლოდ პროგრესი ჰქონდეს.

იუვეს ჭკვიანური სატრანსფერო პოლიტიკა

ტურინული გრანდი ცნობილია ტრანსფერებისადმი განსაკუთრებით ჭკვიანური, პრაგმატული მიდგომით. იუვე ძალიან ხშირად ახერხებს შემდგარი ვარსკვლავების ხელში უფასოდ ჩაგდებას და იშვიათად ხარჯავს ბევრ ფულს (რონალდოში გადახდილი 100 მილიონზე მეტი აბსოლუტურად გამართლებული იყო). წელს, ტურინელებმა სწორედ უფასოდ გადაიბირეს აარონ რემზი, ადრიენ რაბიო და უფასოდ დაიბრუნეს ჯანლუიჯი ბუფონიც.

დე ლიხტთან ერთად, ტურინელთა მომავალთან ასოცირდებიან თავდამსხმელი მოიზე კინი და ნიჭიერი ახალწვეული მცველები კრისტიან რომერო და ლუკა პელეგრინიც.

პაველ ნედვედი და ანდრეა ანიელი

ანდრეა ანიელის (პრეზიდენტი), ფაბიო პარატიჩის (სპორტულ დირექტორი) და პაველ ნედვედის (ვიცე-პრეზიდენტი) სატრანსფერო პოლიტიკა ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპაში პირველობისთვის ბრძოლაში იუვე არ ნებდება. ჰოლანდიელის თანხმობა კი იმასაც ნიშნავს, რომ იუვენტუსი უდიდესი კონკურენციით გაჯერებულ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან დიდი ძალაა - მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 23 წლის წინ მოიგეს...

წაიკითხედოგმატური მწვრთნელი პროვინციული იმიჯით - როგორი იქნება სარის იუვენტუსი?

კომენტარები

ბოლო ამბები