Thumbnail

უბრალო დამთხვევა? ჩელსის ახალი ფორმა რუსეთის დროშის ფერებში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩელსიმ 2019/20 წლების სეზონისთვის ახალი გასვლითი ფორმა წარმოადგინა
  • ლონდონელთა თეთრი მაისურები რუსეთის დროშის ფერებშია გაფორმებული

ლონდონის ჩელსიმ, ტექნიკურ პარტნიორთან, კომპანია Nike-თან ერთად, ოფიციალურად წარმოადგინა ფორმა გასვლითი მატჩებისთვის, რომლითაც გუნდი მომავალ სეზონში გამოვა. თეთრი ფერის მაისურებს სახელოებსა და საყელოზე ზოლები რუსეთის დროშის ფერებში (წითელი და ლურჯი) აქვს და ბევრმა ეს ლონდონური კლუბის რუსი მფლობელის, რომან აბრამოვიჩის წარმომავლობას დაუკავშირა.

ჩელსის ახალი გასვლითი ფორმის პრეზენტაციისთვის ფოტოსესიაში მონაწილეობა ნ’გოლო კანტემ, სესარ ასპილიკუეტამ და ითან ამპადუმ მიიღეს.

კლუბის ოფიციალური ვერსიით კი, ფორმის დიზაინი სუბკულტურა მოდების გავლენით შეიქმნა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში გასული საუკუნის 60-იან წლებში ყვაოდა. მოდები გამოირჩეოდნენ ელეგანტური გარეგნობით და გადაადგილდებოდნენ მოტოროლერებით. მოდების სუბკულტურას სკინჰედების "წინაპრადაც" მოიაზრებენ.

ჩელსი გასვლით მატჩებს ამ ფორმით ჩაატარებს

ჩელსი, რომლის მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ ფრენკ ლამპარდი დაინიშნა, პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველ მატჩში სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება. 

გასულ სეზონში ჩელსიმ ერთი ტიტული მოიგო - ევროპალიგა, რომლის ფინალში თანაქალაქელ არსენალს მოუგო (4:1). ინგლისის ჩემპიონატში ლონდონელებმა მესამე ადგილი დაიკავეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები