Thumbnail

3 გაშვებული ბურთი 10 წუთში! საბურთალო სირცხვილს გადაურჩა და წაგებითაც გავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საბურთალო 1:3 (3:0) შერიფი
  • 0:1 ლატიფი (3), 0:2 მარგველაშვილი (8 საკ. კარში), 0:3 ტამბე (10), 1:3 როლოვიჩი (59)
  • მომდევნო მეტოქე ზაგრების დინამოა

"მიხეილ მესხზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა ტურნირის დებიუტანტ საბურთალოსა და მოლდოვის ჩემპიონ შერიფს შორის. საბურთალო 1:3 დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გავიდა, რადგან სტუმრად 3:0 ჰქონდა მოგებული. საბურთალოს მომდევნო მეტოქე ზაგრების დინამო იქნება, მატჩები 23 და 30 ივლისს გაიმართება.

ყველაფერი, თითქოს, ტირასპოლში დასრულდა, სადაც საქართველოს ჩემპიონმა, ყველასთვის მოულოდნელად, დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა შერიფი. ვინ იფიქრებდა, რომ ამის შემდეგ სიტუაცია კვლავ დაიძაბებოდა, მაგრამ არასრულ ათ წუთში საბურთალო უკვე 0:3-ს აგებდა! ამას "მოხერხება" უნდა. 

ზორან ზეკიჩმა სამი ცვლილება განახორციელა ტირასპოლური მატჩისგან განსხვავებით და მოლდოვურმა კლუბმა შეტევებით დაიწყო.

0:1 ლატიფი 3'

მე-3 წუთზე საბურთალომ დაცვაში შეცდომა დაუშვა - ბურთი საჯარიმოდან ვერ გამოიტანეს მცველებმა - და ალბანელმა შემტევმა ლირიდონ ლატიფიმ ანგარიში გახსნა - 0:1. 

0:2 მარგველაშვილი 8' საკ. კარში

მე-8 წუთზე სტუმრებმა მარჯვნიდან ჩააწოდეს და კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 

0:3 ტამბე 10' 

მე-10 წუთზე წუთზე ბობანმა მარცხენა ფრთიდან რობერტ ტამბე მოძებნა და კამერუნელმაც შორეულ კუთხეში გაიტანა. 

საბურთალო შოკიდან მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, რომელთაგანაც ყველაზე სახიფათო გიორგი რეხვიაშვილის თავური იყო, რომელიც მეკარემ მოიგერია. მასპინძელთათვის შოკისმომგვრელი პირველი ტაიმი 0:3 დასრულდა. 

რეხვიაშვილის მომენტი

მეორე ტაიმის დასაწყისში მოლდოველთა მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ეპიზოდი კიდევ ერთხელ გამეორდა, მაგრამ პენალტი ისევ არ დანიშნულა. 

1:3 როლოვიჩი 59' 

59-ე წუთზე ოგნიენ როლოვიჩმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, ბურთი მოლდოველთა ცენტრალურ მცველს გადაახტა და ოგნიენ როლოვიჩმა ერთი ბურთი გაქვითა. მონტენეგროელმა ტირასპოლშიც საბურთალოს პირველი გოლი გაიტანა. 

პალჩიჩის გაძევება

73-ე წუთზე შერიფი 10 კაცით დარჩა, რადგან სლოვენიელმა მატეი პალჩიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მან საბურთალოს ნახევარზე იუხეშა. 

დიასამიძის მომენტი

ბოლო წამებზე დიასამიძეს ახლო მანძილიდან 100%-იანი შანსის გამოყენება მართებდა, მაგრამ ნახევარმცველმა ეს ვერ მოახერხა. 

საბურთალო 1:3 (3:0) შერიფი

გოლები: 0:1 ლატიფი (3), 0:2 მარგველაშვილი (8 საკ. კარში), 0:3 ტამბე (10), 1:3 როლოვიჩი (59)

საბურთალო (4-4-2): მიგინეიშვილი - მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი - დიასამიძე, ვაგნერ გონსალვეში (81. შინდაგორიძე), ალთუნაშვილი (70. ტერა), გორგიაშვილი - კოხრეიძე, როლოვიჩი (76. გაბედავა) 

შერიფი (4-3-3): მიკულიჩი - პალჩიჩი, ნ'დიაე, მუჟეკი, კრისტიანო - კენდიში, ანტონი (83. იაში), ჰორდიენკო (69. პალიჩი) - ლატიფი, ტამბე, ბობანი (69. ლეანდრო)

კომენტარები

ბოლო ამბები