Thumbnail

'ეს არ იყო რთული ნაბიჯი' - ტვენტემ გიორგი აბურჯანია ოფიციალურად წარადგინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრებისა და სევილიას ნახევარმცველი ტვენტეში იჯარით გადავიდა
  • ერთწლიანი პაუზის შემდეგ ერედივიზიეში ქართველი ლეგიონერი ისევ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას ჰოლანდიის ჩემპიონატში, ენსხედეს ტვენტეში გააგრძელებს. მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ახლახან ერედევიზიეს კლუბის საიტმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველი ფეხბურთელი, რომლის სატრანსფერო უფლებები ესპანურ სევილიას ეკუთვნის, ჰოლანდიური გუნდის ღირსებას ორი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს. ამასთან, ტვენტეს აბურჯანიას გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

"ეს არ იყო რთულად გასადგმელი ნაბიჯი, რადგან მართლაც მსურდა ტვენტეში გადასვლა. ეს დიდი კლუბია, დიდი ისტორიითა და ბრწყინვალე სტადიონით. გასულ სეზონში თვალი ვადევნე ამ გუნდის გამოსვლას და ვნახე, როგორც გახდნენ ჩემპიონები (ერსტე დივიზიეში). მუდმივად ივსებოდა სტადიონი. სევილიიდან ვიცნობ აიტორს, რომლისგანაც ტვენტეზე ბევრი მსმენია. სულმოუთმენლად ველი, როდის ვითამაშებ კლუბის მაისურით", - თქვა გიორგიმ აბურჯანიამ წარდგენისას.

გიორგი აბურჯანიამ პროფესიონალური კარიერა რუსთავის მეტალურგში დაიწყო, რის შემდეგაც თბილისის ოლიმპიკში, გორის დილასა და თბილისის ლოკომოტივში ითამაშა. გიორგის პირველი უცხოური კლუბი კვიპროსული ანორთოსისი იყო, საიდანაც 2016 წელს ესპანეთში, ხიმნასტიკში გადავიდა. 2016 წლის აგვისტოში, გიორგი ხიმნასტიკისგან სევილიამ  €1.8 მილიონად შეიძინა. სევილიას მეორე გუნდში თამაშის შემდეგ, ანდალუსიურმა კლუბმა შარშან იგი ლუგოში გაანათხოვრა.

გიორგი ტვენტეს ღირსებას 21-ნომრიანი მაისურით დაიცავს

ტვენტემ გასულ სეზონში ჰოლანდიის რანგით მეორე ლიგა - ერსტე დივიზიე მოიგო და ელიტაში დაბრუნდა. ტვენტე ერედივიზიეს 2019/20 წლების სეზონს 3 აგვისტოს, პსვ ეინდჰოვენთან საშინაო მატჩით დაიწყებს. 

კლუბის ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლივენი და მწვრთნელი გონსალო გარსია აბურჯანიას კარგად იცნობენ, რადგან ფამაგუსტას ანორთოსისში ერთად მუშაობდნენ. ვან ლივენი გიორგის ასე ახასიათებს:
 
"გიორგი აბურჯანია დიდი ხანია ტვინტეს სამიზნეშია. აბუსაც ძალიან სურდა ჩვენთან თამაში. მისი გადმოყვანა იოლი არ იყო, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მოგვარდა. ის არის ნახევარმცველი უდიდესი პოტენციალით".

გიორგი აბურჯანიას დებიუტს  ტვენტეში აგვისტოში უნდა ველოდოთ

ბოლოს ერედივიზიეში ქართველთაგან გურამ კაშია (ვიტესი) თამაშობდა, სანამ ამერიკულ სან ხოსეში გადაბარგდებოდა. კონკრეტულად ტვენტეს ღირსებას კი, 2003-06 წლებში, გიორგი გახოკიძე იცავდა.

"ტრანსფერმარკტი" აბურჯანიას €800 ათასად აფასებს. მან ლა ლიგა 2-ში ჯამში 73 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები