Thumbnail

FIFA 2020 იუვენტუსის გარეშე დარჩა - KONAMI-ს კონტრაქტი 'ბებერ ქალბატონთან'

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • იუვენტუსს მხოლოდ PES 2020-ში იხილავთ
  • KONAMI-მ იტალიურ გრანდთან სამ წლიანი ხელშეკრულება გააფორმა
  • FIFA 20-ში იუვეს პიემონტე კალჩო ერქმევა

იუვენტუსმა KONAMI-სთან და eFootball PES 2020-თან ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა.

ეს პარტნიორობა ნიშნავს, რომ PES ერთადერთი საფეხბურთო სიმულატორი იქნება, რომელშიც სერია ა-ს ჩემპიონებით თამაშს მოახერხებთ. დიახ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ იუვენტუსს FIFA 2020-ში ვერ იხილავთ.

EA Sports-ს არ აქვს უფლება გამოიყენოს კლუბის ოფიციალური ფორმები, გუნდის სახელი და სტადიონის სახელი.

'ჩვენ KONAMI-სთან ახალი და სასიამოვნო ხელშეკრულება გავაფორმეთ და დღეიდან PES-ს იუვენტუსზე ექსკლუზიურად აქვს უფლებები, რაც კლუბის სახელს, ლოგოს და ოფიციალურ ეკიპირებასაც მოიცავს. ამასთან, ჩვენმა გუნდმა კორეულ კომპანიას უფლება მისცა იუვენტუსის მოთამაშეების 3D სკანირება მოეხდინათ და ისინი თამაშში მაქსიმალური სიზუსტით გადმოვიტანოთ', - წერია იუვენტუსის ოფიციალურ ვებგვერდზე.

რონალდოს FIFA 20-ში იუვენტუსის ფორმა აღარ ეცმევა

პარტნიორობაზე კომენტარი KONAMI-ს ბიზნესის განვითარების გენერალურმა დირექტორმა იონას ლიგარდმაც გააკეთა - 'იუვენტუსთან, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, პარტნიორობა, ჩვენთვის დიდი პატივია და ეს მიზანი თამაშზე მუშაობის დაწყებისთანავე გვქონდა. PES 2020 ერთადერთი თამაშია, რომელშიც იტალიელი გიგანტებით თამაშს შეძლებთ. კიდევ ერთხელ - ჩვენ ამაყები ვართ, რომ იუვენტუსის ნდობა მოვიპოვეთ და მჯერა, რომ ერთად შესანიშნავი მომავალი გველის'. 

იუვენტუსთან პარტნიორობა ჩვენი მიზანი იყო - KONAMI

დაახლოებით ანალოგიური კომენტარი გააკეთა იუვენტუსის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა ჯორჯიო რიჩიმაც - 'ამ ურთიერთობით განსაკუთრებით ამაყები ვართ. მომდევნო სამი წლის მანძილზე ჩვენს ახალგაზრდა ფანებს არჩევნის გაკეთება არ გაუჭირდებათ. რა თქმა უნდა, ელექტრონული სპორტის სფეროშიც ვგეგმავთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას.'

საგულისხმოა, რომ თამაშში ალიანზ სთედიუმიც იდეალურად იქნება გადატანილი და ეს კიდევ ერთი რამაა, რაც FIFA-ს მოყვარულებს დააკლდებათ. იტალიის ჩემპიონს FIFA 20-ში ახალი სახელი - პიემონტე კალჩო ერქმევა და სიმულატორის მოყვარულთა გასახარად, მისი შემადგენლობა უცვლელი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები