Thumbnail
  • იმპერატორის თასიდან ლუცერნში ტრანსფერამდე.
  • გთავაზობთ იანვრის TOP-5 ქართულ მოვლენას POPSPORT-ის ვერსიით. 

1. იმპერატორის თასი ქართველს 

ტოჩინოშინი (სუმო)

ტოჩინოშინი მესამე ევროპელია, ვინც იმპერატორის თასი მოიგო

ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბაშოს ქართველი სუმოისტი მოიგებდა. 30 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ქართული სუმოს ისტორია დაწერა - მან 15-დან 14 ორთაბრძოლა მოიგო ბაშოზე და იაპონიის იმპერატორის თასთან ერთად სახალხო აღიარება დაიმსახურა.

ტოჩინოშინმა უახლოეს მდევარს ორი მოგებით აჯობა და თასი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე დაიბევა. მას აგრეთვე გადაეცა ბრწყინვალე ასპარეზობის და ტექნიკური რიკიშის პრიზები. 

► ცისფერთვალება სამურაი - ტოჩინოშინის 888 ორთაბრძოლის ისტორია

► იანვრის ბაშო 2018 | ლევან გორგაძის გზა იმპერატორის თასამდე

►  ძლიერი გული, ანუ ცოტა რამ ბაშოს ჩემპიონი ქართველი სუმოისტის შესახებ

2. ACB ლიგის MVP

თორნიკე შენგელია (კალათბურთი)

თორნიკე შენგელია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა

თორნიკე შენგელიას კარიერაში საუკეთესო დროება უდგას. ქართველი ფორვარდი ბასკონიაში ისე ათამაშდა, რომ ბევრის აზრით, NBA-ში დაბრუნების შანსიც მიეცემა. შენგელია იანვარში ესპანეთის ჩემპიონატში (ACB) ლიგის მესამე ვარსვკლავად დაასახელეს. უშუალოდ მთელი სეზონის სტატისტიკით თორნიკე ACB ლიგის MVP-ია. 

ბეტისთან ჩინებული მატჩის შემდეგ შენგელია ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს, ხოლო შერმადინის უნიკახასთან ევროლიგაზე შენგელიამ მოაგებინა ბასკონიას ბოლო წამებზე. ევროლოგაზე იყო ორმაგი დუბლი მილანთან, ასევე MVP-ის წოდება ევროლიგის ჩემპიონ ფენერბაჰჩესთან მატჩში.

► თორნიკე შენგელია ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის MVP-ია!

► 22 ქულა და 8 მოხსნა ბეტისთან - თორნიკე შენგელია ACB ლიგის ტურის MVP-ია 

3. წარმატება დიდ სლემზე

ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მელბურნის კორტებზე ორი თამაში მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი ყატარის ღია პირველობაზე გახსნა, სადაც მეორე წრეში ითამაშა. კიდევ უფრო კარგად ითამაშა ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე. მან ზედიზედ დაამარცხა მელცერი და ბემელმანსი. 

საქართველოს ნაკრების ლიდერმა მესამე წრეში ხუთსეტიანი და რამდენიმესაათიანი მომქანცველი ორთაბრძოლა დათმო 40-გრადუსიან მელბრუნში ბრიტანელი კაილ ედმუნდის წინააღმდეგ. ავსტრალიაში გამოსვლის შემდეგ ბასილაშვილი რეიტინგში კიდევ 4 საფეხურით დაწინაურდა.

► ბასილაშვილის +4, კალაშნიკოვას +9 - ქართველებს ავსტრალია დაუფასდათ

► AO | ბასილაშვილი ბრიტანელმა გამოთიშა - 5 სეტი 40° სიცხეში

4. ქართველებმა ინდოეთის პრო-ლიგა მოიგეს

გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი (ჭიდაობა)

გენო პეტრიაშვილი - ინდოეთის ტრიუმფატორი - 6-დან 6 გამარჯვება

ინდოეთის პრო-ლიგა შესანიშნავი კომერციული ტურნირია, რომელშიც საუკეთესო მოჭიდავეებს იწვევენ. წლეულს იქ სამი ქართველი მონაწილეობდა და სამივემ ფინალში იჭიდავა. 

პენჯაბ როიალსის რიგებში ინდოეთის პრო-ლიგა მსოფლიოს ჩემპიონებმა გენო პეტრიაშვილმა და ზურა იაკობიშვილმა მოიგეს. ფინალში დამარცხდა ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გუნდი. სხვათა შორის, სამმა ქართველმა სულ 12-ჯერ იჭიდავა პრო-ლიგაში და ყველა ორთაბრძოლა მოიგო. 

► გენო პეტრიაშვილმა და ზურაბ იაკობიშვილმა ინდოეთის პრო-ლიგა მოიგეს

► ორი ქართველი მსოფლიოს თავში - პეტრიაშვილი და იაკობიშვილი პირველი ნომრები არიან

5. ფანჯარა ევროპაში

ვაკო გვილია (ფეხბურთი)

იმედისმომცემი ტრანსფერი, გვილია შვეიცარიაშია

ქართველი ფეხბურთელების ნაწილმა იანვარში კლუბები გამოიცვალეს. ჩვენი აზრით, საუკეთესო ტრანსფერი ვაკო გვილიას ეკუთვნის - ბელარუსის ბატე-ს ნახევარმცველი ამიერიდან შვეიცარიულ ელიტაში, ლუცერნში ითამაშებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბატე-ს ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო გვილიას სექტემბრის მერე არ უთამაშია, შესანიშნავი ტრანსფერი და თავის გამოჩენის ასპარეზია. 

► ტრანსფერი ევროპაში | ვაკო გვილია ლუცერნის ფეხბურთელია

ტოპხუთეულში არ მოხვდა თუმცა ამ ქართულ მოვლენებში ასევე გამოვყოფთ:

TOP-5-ის მიღმა

ჭადრაკი: მიხეილ მჭედლიშვილის წარმატება. დიდოსტატმა საქართველოს 77-ე ჩემპიონატი მოიგო. 

ჩოგბურთი: სოფიო შაფათავამ თურქეთში ორი მცირე ტურნირი მოიგო წყვილთა თანრიგში.

თავისუფალი ჭიდაობა: ბექა ლომთაძე გერმანული ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა.

მეტს ველოდით...

სარაგბო კლუბ ბათუმისგან, რომელიც ევროთასზე რუმინულ ბარიერს ვერ გახდა.

ხელბურთის ნაკრებისგან, რომელმაც ლიტვაში საკვალიფიკაციო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

მოციგურავე მორის ყვითელაშვილისგან, რომელმაც აშკარად ჩააგდო ევროპის ჩემპიონატი.

კომენტარები

ბოლო ამბები