Thumbnail

პაატა გურასპაული: ეს იქნება სპორტული დღესასწაული მთელი ერისთვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პაატა გურასპაულმა პირველი კომენტარი POPSPORT-თან გააკეთა
  • საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ევრობასკეტზე საუბრობს

მიუნხენში 2021 წელს დაგეგმილი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის 4 მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. საბედნიეროდ, მათ შორის არის საქართველოც. თბილისი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც კონტინენტის პირველობის ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. 

თბილისთან ერთად, 2021 წლის ევრობასკეტს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ. აქვე აღვნიშნოთ, რომ კანდიდატი სულ 7 იყო: ბუდაპეშტი, ტალინი და ლიუბლიანა თამაშგარეში დარჩნენ.

საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს - სრული ვიდეო

საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს - სრული ვიდეო პაატა გურასპაულის, ვლადიმერ ბოისასა და თორნიკე შენგელიას ემოციები <3 კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდი წარმატებას!

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 15 ივლისი, 2019

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა 'პოპსპორტთან' საუბრისას იმ თემებზე გაამხვილა ყურადღება, რომელზეც საქართველომ უნდა იმუშაოს ევრობასკეტის მასპინძლობამდე. გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს მასპინძლობის უფლების მოპოვებაში გაწეული სამსახურისთვის.

პაატა გურასპაული: ქართველ ხალხს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას. საქართველოს ჯერ ასეთი რანგის ტურნირისთვის არ უმასპინძლია.

საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაარწმუნა ფიბა ევროპას მაღალჩინოსნები, რომ ჩვენ მოვასწრებთ ახალი დარბაზის მშენებლობას. მან პასუხისმგებლობა აიღო, რომ ის პირადად გააკონტროლებს ამ დარბაზის მშენებლობას.

იმედი მაქვს, რომ ის 10 დღე, რომლის დროსაც თბილისში ტურნირი ჩატარდება, იქნება სპორტული დღესასწაული მთელი ერისთვის. ეს იქნება ჩვენი წარდგენა ევროპაში და კიდევ ერთი ბილეთი, რომლითაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს დიდი ამბიცია, კარგი გაგებით, რომ ვითვლებოდეთ კალათბურთში ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად.

მადლობა ხელისუფლების წევრებსა და საქართველოს პრეზიდენტს დიდი დახმარებისთვის, რადგანაც მათი მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მინდა ყველა გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა - ვეცდებით ის, რაც მოვიპოვეთ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ.

ახლაც ემოციების ქვეშ ვარ. ვაცნობიერებ, რომ დიდი გამოწვევა მივიღეთ და აუცილებლად უნდა გავართვათ ამ დიდ ამოცანას თავი. გადავდივართ იმ სხვა განზომილებაში, რასაც ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება ჰქვია.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ ყველაფერს ღირსეულად ვუმასპინძლოთ. ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეში მეც ჩემი მცირე წვლილი შევიტანე.

კომენტარები

ბოლო ამბები