Thumbnail

ლაშა ჩაფიძეს გირაო შეეფარდა - პატიმრობაში 3 პირი რჩება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გრძელდება გამოძიება გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით
  • 8 პირი გირაოთია გათავისუფლებული, 3 კი პატიმრობაში რჩება

გრძელდება გამოძიება გარიგებულ საფეხბურთო მატჩებთან დაკავშირებით. დღეს, სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც ახალი გარემოებებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები მიიღეს. 

პატიმრობაში მყოფი 4 ფეხბურთელიდან ერთს, ლაშა ჩაფიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. შესაბამისად, ლაშა დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ საქმეზე სულ 11 ფეხბურთელი იყო დაკავებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩნენ ვახტანგ ჯაყელი, ირაკლი ხუჭუა და ნიკა დაუშვილი.

სხვა ფეხბურთელებს: ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს აქამდეც 10-10-ათას ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მიმართავდნენ მანიპულაციებს. შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, 93 500 ლარი. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

ბოლო ამბები