Thumbnail

ისტორიული მოვლენა! საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

დღეს, მიუნხენში 2021 წელს დაგეგმილი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის 4 მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. საბედნიეროდ, მათ შორის არის საქართველოც. თბილისი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც კონტინენტის პირველობის ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. 

თბილისთან ერთად, 2021 წლის ევრობასკეტს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ. აქვე აღვნიშნოთ, რომ კანდიდატი სულ 7 იყო: ბუდაპეშტი, ტალინი და ლიუბლიანა თამაშგარეში დარჩნენ. 

ტურნირის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ავტომატურად მოუტანა ევრობასკეტის საგზური

ტურნირის მასპინძელი ქალაქები ფიბა ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა დაასახელა. ისტორიულ გადაწყვეტილებას ქართული დელეგაციის წევრები დიდი სიხარულით და ოვაციებით შეხვდნენ. დარბაზში იყვნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია და საპატიო სტუმრის რანგში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ევრობასკეტი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ტურნირი 17 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტოს დასრულდება. კონტინენტის ჩემპიონატში 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ავტომატურად მოუტანა ევრობასკეტის საგზური.

📺 ვიდეო: ქართული დელეგაციის ზეიმი მიუნხენში

საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს - სრული ვიდეო

საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს - სრული ვიდეო პაატა გურასპაულის, ვლადიმერ ბოისასა და თორნიკე შენგელიას ემოციები <3 კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდი წარმატებას!

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 15 ივლისი, 2019

თბილისში 15 000 გულშემატკივარზე გათვლილი არენა აშენდება

ჯერ კიდევ მარტში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა popsport.com-თან ინტერვიუში სწორედ ევრობასკეტის შესაძლო მასპინძლობის შესახებ ისაუბრა. მაშინვე გაირკვა, რომ თუ საქართველო ჯგუფის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებდა, თბილისში ახალი დარბაზი აშენდებოდა, რომელიც 15 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. გთავაზობთ გურასპაულის პასუხებს იმ ინტერვიუდან...

popsport: რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს თბილისმა?

გურასპაული: არის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელი იქნება. სტუმრების უმაღლეს დონეზე მიღება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავისუფალი გადაადგილება. კიდევ ბევრი დეტალი, მაგრამ მთავარი რა თქმა უნდა დარბაზია. ევრობასკეტის მატჩები უნდა ჩატარდეს დარბაზში, რომელიც ფიბას ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და 15 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი.

popsport: გამოდის, რომ თბილისში ახალი დარბაზის აშენებაა საჭირო...

გურასპაული: კი, ასეა და ეს საკითხი ხელისუფლების დონეზე წყდება. უნდა იყოს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იქნება და არა კალათბურთის ფედეაციის. შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ ამ თემაზე. პირველ ეტაპზე, მიმდინარეობს ლოკაციის შერჩევა და განიხილება რამდენიმე ადგილი, სადაც ეს არენა უნდა აშენდეს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: პაატა გურასპაული

popsport: თუ განიხილება თბილისის სპორტის სასახლის რეკონსტრუქციის საკითხი?

გურასპული: ამაზეც არის ლაპარაკი, მაგრამ ეს უფრო ალტერნატიული ვარიანტია, ანუ გეგმა B. როგორც აღვნიშნე, დარბაზმა 15 000 გულშემატკივარი უნდა მიიღოს, რასაც სპორტის სასახლე ვერ აკმაყოფილებს. არის კიდევ ბევრი დეტალი, რისი გამოსწორებაც აუცილებელია რომ არენამ ევრობასკეტის მატჩებს უმასპინძლოს. ამიტომ, პრიორიტეტული ახალი დარბაზის აშენებაა.

popsport: ევრობასკეტი 2021 წელს გაიმართება. რამდენად მოესწრება მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება ამ დროში?

გურასპაული: დარბაზი მზად უნდა იყოს 2021 წლის ზაფხულისთვის. იქამდე ორი წელია და ეს დრო სრულიად საკმარისია სამშენებლო სამუშაოებისთვის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები