Thumbnail

'როგორც სიზმარი' - ტურინის იუვენტუსმა აარონ რემზი წარადგინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონის არსენალის ყოფილი ფეხბურთელი იუვენტუსში ითამაშებს
  • 28 წლის უელსელი გუნდის ღირსებას 8-ნომრიანი მაისურით დაიცავს

ტურინის იუვენტუსმა გუნდის ახალწვეული, უელსელი ნახევარმცველი, აარონ რემზი წარადგინა. 28 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, რადგან ლონდონის არსენალთან, რომლის ღირსებას 11 წლის განმავლობაში იცავდა, კონტრაქტი ამოუწურა.

"ბებერ ქალბატონსა" და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

უელსელი ტურინშიც 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

"მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იუვენტუსში მოსვლის გამო. მუხლჩაუხრელად ვმუშაობ, რათა რაც შეიძლება სწრაფად შევუდგე გუნდთან ერთად მომზადებას. ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, დღიდან დღემდე და ფორმაში შევდივარ.

როდესაც შევიტყვე, რომ იუვენტუსი ჩემით ინტერესდებოდა, გავიფიქრე, რომ ეს სიზმარიც იყო და ამავდროულად, დიდი გამოწვევაც. გუნდში კარგად მიმიღეს. ვესაუბრე სარის. იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონში მას და გუნდს დიდი მიზნების მიღწევაში დავეხმარები", - თქვა უელსელმა.

უელსელს ტურინში ასეთი დახვედრა მოუწყვეს

აარონ რემზი ტურინის იუვენტუსის ღირსებას 8-ნომრიანი მაისურით დაიცავს. სწორედ ეს ნომერი ჰქონდა ფეხბურთელს არსენალშიც.

"ვიცოდი, რომ N8, რომელიც არსენალში მქონდა, აქ თავისუფალი იყო და მოვითხოვე ის. ასევე ვიცი, რომ იუვენტუსში ამ ნომრით მარკიზიო თამაშობდა - კლუბის ლეგენდა. შევეცდები, ღირსეულად გავამართლო ეს პატივი", - ამბობს ფეხბურთელი.

ფეხბურთელი ჯერჯერობით ისევ ტრავმას იშუშებს

აარონ რემზიმ, მეტსახელად "რემბომ", კარიერა კარდიფ სიტიში დაიწო, 2008 წელს კი ლონდონის არსენალში გადაბარგდა. უელსელმა იჯარით ნოტონგემშიც ითამაშა, ჯამში კი ინგლისის პრემიერლიგაში 262 მატჩში 40 გოლი გაიტანა და 51 საგოლე პასი მიითვალა.

28 წლის ნახევარმცველს უელსის ეროვნული ნაკრების მაისურით 58 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. მის ანგარიშზე ასევე 7 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები