Thumbnail

'მიყვარხართ, წითელ-თეთრებო!' - ჯანო ანანიძის 10 წელიწადი მოსკოვის სპარტაკში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანომ სპარტაკში პირველი მატჩი ჩაატარა
  • კლუბმა 26 წლის ქართველს იუბილე მიულოცა და ვალში არც ანანიძე დარჩა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველითვის, ჯანო ანანიძისთვის 15 ივლისი გამორჩეული დღეა - ზუსტად 10 წლის წინ, 16 წლისამ, მოსკოვის სპარტაკის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა. მოსკოვურმა კლუბმა ფეხბურთელს ეს იუბილე მიულოცა.

"ზუსტად ათი წლის, წინ ჯანო ანანიძეს სპარტაკის ძირითადში დებიუტი ჰქონდა. 16 წლის ჰავბეკმა რუსეთის თასზე, კრასნოდარის წინააღმდეგ ითამაშა. 90-ე წუთზე მან გამარჯვების გოლი შეაგდო და კლუბის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც გოლი გაუტანია. ჯანო, გილოცავთ იუბილეს!", - იუწყება სპარტაკი.

მოსკოვურ გუნდში ჯანო ანანიძის კარიერას დაღი ხშირმა ტრავმებმა დაასვა. ფეხბურთელი ორჯერ იჯარითაც იყო გაშვებული - ჯერ როსტოვში, ბოლოს კი კრილია სოვეტოვში. ჯანო ამ ზაფხულს სპარტაკს დაუბრუნდა და რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველ ტურში (სოჩისთან 1:0) სასტარტოში ითამაშა. 

ჯანომ სპარტაკში  ახალი სეზონი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო 

იუბილესთან დაკავშირებით, ანანიძე სპარტაკს სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოუტყდა:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბედმა სპარტაკში მომიყვანა და ზუსტად 10 წლის წინ, ამ დიადი კლუბის მაისურით პირველი მატჩი ჩავატარე! უღრმესი მადლობა ყველას, ვინც თამაშისთვის მამზადებდა, ვინც მოედანზე ჩემს გვერდით იყო და ვინც სტადიონების ტრიბუნებიდან მქომაგობდა, ვინც ჩემთან ერთად იზიარებდა გამარჯვების სიხარულს და მარცხის სიმწარეს, ვისაც სჯეროდა და ახლაც სჯერა ჩემი. სპარტაკი - ჩემი ცხოვრებაა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი საუკეთესო მატჩები წინაა. მიყვარხართ, წითელ-თეთრებო!" - დაწერა სოციალურ ქსელში ჯანომ. 

ბევრის აზრით, რომ არა სპარტაკი, ჯანოს კარიერა გაცილებით წარმატებული იქნებოდა

ჯანო ანანიძემ მოსკოვის სპარტაკის მაისურით ჯამში 137 ოფიციალურ მატჩში ითამაშა, გაიტანა 16 გოლი და შეასრულე ამდენივე საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები