- ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მეხუთედ მოიგო
- სერბისთვის ეს მე-16 დიდი სლემია (ფედერერი - 20, ნადალი - 18)
- ნოლე უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე მხოლოდ პატივისცემას
ვაღიარებ: როჯერ ფედერერს ორიდან ერთ-ერთი მატჩპოინტი რომ გამოეყენებინა, უიმბლდონის ფინალის შემდეგ უფრო გახარებული ვიქნებოდი...
📋 მეტი ამ თემაზე:
- ეს თამაში ისტორიას დარჩება! უიმბლდონის ეპიკური ფინალი ჯოკოვიჩმა მოიგო
- ლეგენდარული ფინალის შემდეგ ფედერერმა და ჯოკოვიჩმა მატჩზე ისაუბრეს
შვეიცარიელის ელეგანტური თამაში, გამარჯვების სურვილი, მისი სტილი კორტზე თუ კორტს მიღმა, უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს. კითხვაზე, ვინ არის ყველა დროის ყველაზე დიდი ჩოგბურთელი, ჩემთვის მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს.
მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ უიმბლდონის ღია პირველობის ახლა უკვე ხუთგზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი მეტ სიყვარულს იმსახურებს, ვიდრე აქვს. სერბს 16 დიდი სლემი აქვს მოგებული. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჯერ 32 წლისაა, ნამდვილად არ იქნება არარეალური პროგნოზი, თუ ვიტყვით, რომ რეკორდსმენ ფედერერს (20 დიდი სლემი) დაეწევა, ან გადაასწრებს.
ნოლეს თამაშის სტილი, შესაძლოა, ყველას ისე არ აღაფრთოვანებდეს, როგორც როჯერის, მაგრამ ის, თუ როგორ ახერხებს ჯოკოვიჩი უმნიშვნელოვანეს მომენტებში ურთულესი სიტუაციებიდან გამოსვლას, ისევე გასაოცარია, როგორც ფედერერის ელეგანტური თამაში.
და მიუხედავად ამისა, ჯოკოვიჩი პუბლიკისგან მაქსიმუმ პატივისცემას იღებს, სიყვარულს კი - ნაკლებად. დიდ ფინალებში ფედერერს ეთამაშებოდა, რაფა ნადალს, თუ ენდი მარის (ადრე), ფანების უმრავლესობა უმეტესად მის წინააღმდეგ იყო.
არადა, ჯოკოვიჩს არაფერი გაუკეთებია არასწორად. პირიქით: მან ჩოგბურთი ნადალთან და ფედერერთან ერთად, ახალ დონეზე აიყვანა. ნოვაკი უნაკლო სპორტსმენია, კარგი ადამიანიც და უსკანდალო ცხოვრება აქვს.
კვირას, უიმბლდონის ეპიკურ ფინალში, ჯოკოვიჩის ქულებს პუბლიკა უმეტესად მოკრძალებულ აპლოდისმენტებს უძღვნიდა, ფედერერის ქულებზე კი მაყურებლებს გიჟური რეაქციები ჰქონდათ. 5-საათიანი ბრძოლის თავის სასარგებლოდ დასრულების შემდეგ, ნოვაკს პუბლიკისთვის ორივე შუა თითი რომ ეჩვენებინა, აღშფოთების უფლება არავის ექნებოდა. ჯოკოვიჩი წარმატებას ემოციურად ზეიმობს ხოლმე. ახლა კი თავი შეიკავა. მისი მოთმინება ძალიან დასაფასებელია - არანაკლებ, ვიდრე მისი თამაში.
სერბს ფედერერის რეკორდამდე მხოლოდ 4 დიდი სლემი აკლია. ნოლე იდეალურ ფორმაშია და კარიერას მალე ნამდვილად არ დაამთავრებს. ჯოკოვიჩი დღემდე მაინც რაღაცნაირად, ფედერერისა და ნადალის ჩრდილშია. ნამდვილად არ იქნება უსამართლობა, თუ რამდენიმე წელიწადში რეკორდსმენი აღარც როჯერი იქნება და არც რაფა - არამედ, რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევის ოსტატი, უნაკლო ბელგრადელი.
📺 ვიდეო: ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:6 (7:5), 1:6, 7:6 (7:4), 4:6, 13:12 (7:3) როჯერ ფედერერი (მიმოხილვა)
კომენტარები