Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:6 (7:5), 1:6, 7:6 (7:4), 4:6, 13:12 (7:3) როჯერ ფედერერი
  • ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი ფინალი უიმბლდონის ისტორიაში
  • დრამატულ მატჩში ფედერერს ორი მატჩპოინტი ჰქონდა
  • ისტორიული ტაიბრეიკი 12:12-ზე ჯოკოვიჩმა 7:3 მოიგო

ეს იყო თამაში, რომელიც ჩოგბურთის მოყვარულებს არასდროს დაავიწყდებათ! უიმბლდონის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტიტული დრამატულ, 5-საათიან ბრძოლაში დაიცვა.

📋 მეტი ამ თემაზე:

ეს იყო ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი ფინალი უიმბლდონის ისტორიაში, რომელშიც სერბმა როჯერ ფედერერი 7:6 (7:5), 1:6, 7:6 (7:4), 4:6, 13:12 (7:3) დაამარცხა. კარგად დააკვირდით მეხუთე, გადამწყვეტი სეტის ანგარიშს: 13:12 (7:3)!!!

ნოლესთვის ეს დიდი სლემის მე-16 ტიტულია! უიმბლდონი მან მეხუთედ მოიგო. ფედერერს 21-ე დიდი სლემის მოგების შანსი ჰქონდა, უიმბლდონი კი 8-ჯერ (!) აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ მეხუთე სეტის ტაიბრეიკი წლევანდელი სიახლეა. საბოლოო ჯამში, როჯერის და ნოვაკის ისტორიული ფინალი 4 საათი და 57 წუთი გრძელდებოდა, რითაც ახალი რეკორდი დამყარდა. უიმბლდონის ღია პირველობის ყველაზე ხანგრძლივი ფინალი აქამდე 2008 წლის ლეგენდარული მატჩი იყო ფედერერსა და რაფელ ნადალს შორის, რომელიც 4 საათი და 48 წუთი გაგრძელდა.

📺 ვიდეო: ნოვაკ ჯოკოვიჩი V როჯერ ფედერერი (მატჩპოინტი)

ჯოკოვიჩი და ფედერერი უიმბლდონის ფინალში ერთმანეთს 2014 და 2015 წლებშიც შეხვდნენ და ორივე ნოვაკმა მოიგო. საერთო ჯამში ეს მათი 48-ე დუელი გახლდათ - ჯოკოვიჩს 26 აქვს მოგებული. ფედერერმა ხელიდან გაუშვა შანსი, გამხდარიყო დიდი სლემის ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული - 25 დღეში როჯერი 38 წლის ხდება!

აბსოლუტურად თანაბარი პირველი სეტის შემდეგ, რომელიც ჯოკოვიჩმა ტაიბრეიკში მოიგო, მეორე სეტში შვეიცარიელმა 6:1 გაიმარჯვა. მესამე სეტში ნოლემ თამაში ისევ დაასტაბილურა და საქმე კვლავ ტაიბრეიკამდე მიიყვანა, რომელშიც ისევ მოიგო და წინ გავიდა. ნოლე სეტებში 2:1-ს ისე იგებდა, რომ ერთი ბრეიკიც კი არ ჰქონდა აღებული!

მეოთხე სეტში როჯერმა 6:4 მოიგო და გადამწყვეტ, მეხუთე სეტამდე მიიყვანა საქმე. 8:7 ბრეიკზე ფედერერს ორი მატჩპოინტი ჰქონდა! ჯოკოვიჩმა ორივე მოიგერია! ისტორიული ტაიბრეიკი კი 12:12-ზე დაინიშნა, რომელიც სერბმა 7:3 მოიგო.

ეს თამაში არასდროს არავის დაავიწყდება!

📺 ვიდეო: ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:6 (7:5), 1:6, 7:6 (7:4), 4:6, 13:12 (7:3) როჯერ ფედერერი (მიმოხილვა)

 

კომენტარები

ბოლო ამბები