Thumbnail

ტრანსფერები | ატლეტიკო მზადაა, ხამეს როდრიგესი იყიდოს! უარი ნაპოლის?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხამეს როდრიგესმა კარიერა, შესაძლოა, ატლეტიკოში გააგრძელოს
  • ნაპოლისგან განსხვავებით, მადრიდელები 42 მილიონს იხდიან

კოლუმბიის ნაკრების ლიდერი ხამეს როდრიგესი, რომელიც ბოლოს მიუნხენის ბაიერნში თამაშობდა, ახლა კი რეალში დაბრუნდა, დიდი ალბათობით, კარიერას არა ნაპოლიში, არამედ მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური ‘მარკა’ წერს.

ხსენებულ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ატლეტიკო მზადაა, რეალს 42 მილიონი ევრო გადაუხადოს - ‘სამეფო კლუბი’ 28 წლის კოლუმბიელში სწორედ ამდენს ითხოვს. ‘მარკა’ ასევე წერს, რომ ხამესი ატლეტიკოში თამაშის პერსპექტივას პოზიტიურად უყურებს.

ხამესი ბაიერნში: 15 გოლი და 20 საგოლე პასი 67 მატჩში

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესის გამოსყიდვა მიუნხენის ბაიერნსაც შეეძლო და სურდა, მაგრამ კოლუმბიელმა ბავარიული გრანდის ხელმძღვანელებს თვითონ სთხოვა, ეს ოფცია არ გამოეყენებინათ. როგორც ჩანს, მას ბაიერნში დარჩენა არ უნდოდა. მისი გადაბირება ნაპოლისაც სურს, თუმცა იტალიურ კლუბს ხამესის მხოლოდ არენდით აყვანა უნდა.

ხამესი რეალიდან ბაიერნში არენდით 2017 წელს გადავიდა. მიუნხენურ გრანდში ჩატარებულ 67 ოფიციალურ მატჩში მან 15 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. თუკი კარლო ანჩელოტისა და იუპ ჰაინკესის ხელში ხშირად თამაშობდა, ნიკო კოვაჩის დროს სათამაშო დრო შეუმცირდა.

ატლეტიკომ ახლახან ანტუან გრიზმანი გაყიდა და 120 მილიონი ევრო მიიღო. მადრიდულ კლუბს ჯამში 310 მილიონი აქვს მიღებული, თუმცა 196 მილიონი უკვე დახარჯა.

კომენტარები

ბოლო ამბები