Thumbnail

'ეს ცეცხლზე ნავთი იქნება' - რუსებს ბორჯღალოსნებთან თამაში არ სურთ

  • აგვსტოში დაგეგმილი საქართველო-რუსეთის მატჩი ალბათ აღარ ჩატარდება
  • ამის მიზეზი ქვეყნებს შორის არსებული რთული პოლიტიკური ვითარებაა
  • რუსებს თბილისში ჩამოსვლაც აშინებთ და ნეიტრალურ მოედანზე თამაშიც
  • მომავალ მატჩზე რუსეთის რაგბის ფედერაციის საბჭოს თავჯდომარემ ისაუბრა   

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა, დიდი შანსია, აღარ ჩატარდეს. მსოფლიო თასის დაწყების წინ, "ბორჯღალოსნებისა" და "რუსი დათვების" ტესტმატჩი 27 აგვისტოს, ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ადრევე დაიგეგმა, მაგრამ ამ ზაფხულს, ქვეყნებს შორის გართულებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, თამაშის გამართვა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამაზე თავდაპირველად რუსულ მედიაში დაიწერა, ახლა კი განცხადება რუსეთის რაგბის ფედერაციის საბჭოს თავჯდომარემ, იგორ არტემიევმაც გააკეთა..
 
"კონსულტაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გვქონდა, მაგრამ საერთო ვითარებიდან გამომდინარე, თამაშის ნეიტრალურ მოედანზე გამართვაც კი არ არის მიზანშეწონილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პროვოკაციები არ დავუშვათ და სპორტსმენების უსაფრთხოება დავიცვათ, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ამის მიღწევა რთულია. ექსტრემისტების გამოხდომების თავიდან არიდება ნეიტრალურ სტადიონზეც არ იქნება იოლი. 

რუსები პროვოკაციებს ქართველი გულშემატკივრებისგან ელოდებიან

სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში ირევა, რაც ჩვენ არ გვსურს. გვიწევს ფიქრი იმაზე, რომ ცეცხლზე ნავთი არ დავასხათ. საბოლოო გადაწყვეტილებას თამაშთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ. ვეძებთ სხვადასხვა ვარიანტებს, განვიხილავთ სხვა მეტოქეებს…

ეჭვგარეშეა, ჩვენ ვინარჩუნებთ ძალიან კეთილ და პატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას საქართველოს რაგბის ფედერაციასთან. ისინი ჩვენი უახლოესი პარტნიორები და მეგობრები არიან. ასევე ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქართველ ხალხს. სულ ახლახან ოჯახთან ერთად ვიყავი თბილისში და ერთი ალმაცერი მზერაც კი არავისგან შემინიშნავს. გვხვდებოდნენ, როგორც უახლოეს მეგობრებს - ისევე, როგორც ჩვენ ვხვდებით საქართველოდან ჩამოსულებს.

იგორ არტემიევი ახლახან თბილისშიც ბრძანდებოდა

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ხალხს და ზოგიერთი ექსტრემისტის გამოხდომა არაფერს შეცვლის. მაგრამ სამწუხაროდ, მათ მსოფლიო თასისთვის სამზადისში ხელი როგორც ჩვენ, ისე საკუთარ ნაკრებს შეუშალეს”, - აქვეყნებს არტემიევის ნათქვამს Sport24.

კომენტარები

ბოლო ამბები