Thumbnail

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

პოპსპორტი და RUGBY XV ვაგრძელებთ მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების გაცნობას და დღეს სიკვდილის ჯგუფის ბოლო ბინადარს, მსოფლიო თასის ერთ-ერთ ფავორიტსა და რაგბის სამშობლოს, ინგლისს შემოგთავაზებთ. 

ისტორიული პანორამა

რაგბის მსგავსი თამაში მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში არსებობდა (ახალ ზელანდიაში, უელსში, იტალიაში, საქართველოში, ირლანდიაში, იაპონიაში და ა.შ.), თუმცა პირველი თანამედროვე რაგბის წინაპარი და პირველი დაწერილი წესები სწორედ ინგლისში გაჩნდა.

1845 წელს, სამმა მოსწავლემ ქალაქ რაგბიდან ამ თამაშის წესები დაწერა და რაგბის ისტორიაც სათავეს აქედან იღებს.

იმ პერიოდში ფეხბურთი ინგლისში ძალიან პოპულარული სპორტი იყო და ქალაქ რაგბიში, მის სხვადასხვა ვერსიას სკოლის მოსწავლეები თამაშ რაგბის შექმნამდე 200 წლით ადრეც თამაშობდნენ. თუმცა, თამაშის წესები ყოველი მატჩის დაწყებამდე თანხმდებოდა და ერთიანი სისტემა არ არსებობდა. 1845 წლიდან კი, თამაშს, რომელსაც ქალაქ რაგბის სკოლაში დაწერილი წესებით თამაშობდნენ, Rugby Football ეწოდა.

Football გვხვდება 1871 წელს დაარსებულ ინგლისის რაგბის კავშირის აბრევიატურაში (Rugby Football Union), ხოლო საერთაშორისო რაგბის მმართველ ორგანოს (დღევანდელი ვორლდ რაგბი) 1998 წლამდე International Rugby Football Board ერქვა.

ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ინგლისელებსა და შოტლანდიელებს შორის, 1871 წელს გაიმართა და გამარჯვება სქოთებს დარჩათ. იმხანად ქულების სისტემა არ არსებობდა, ნარშავებმა ლელო და გოლი გაიტანეს, რასაც ინგლისმა მხოლოდ ლელოთი უპასუხა.

ინგლისი ერთ-ერთია Home Nations-ის (6 ერის წინამორბედი) დამაარსებლებიდან და ეს ტურნირი ერთპიროვნულად ყველაზე მეტჯერ - 28-ჯერ, ხოლო ჯამურად 38-ჯერ მოუგია და ამ შედეგით მხოლოდ უელსს ჩამორჩება (39).

1987 წლის პირველი მსოფლიო თასიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, ინგლისი ყველა ჩემპიონატის მონაწილეა და ასევე ერთადერთი გუნდია ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, ვისაც მსოფლიო თასი მოუგია. ინგლისელებმა ეს 2003 წელს, დამატებით დროში, ჯონი ვილკინსონის არეკნით მოახერხეს და 20-17 გაიმარჯვეს.

ოქროსთან ერთად ინგლისელებს ორი ვერცხლიც აქვთ. 1991-ში ავსტრალიასთან, ხოლო 2007-ში აფრიკასთან ფინალურ მატჩებში დამარცხდნენ.

ლეგენდა ვებ ელისზე

1823 წელს, ფეხბურთის თამაშის დროს, სკოლის მოსწავლე უილიამ ვებ ელისმა ბურთი ხელში რომ აიტაცა და გაიქცა ალბათ ყველას გსმენიათ. ისიც გეცოდინებათ, რომ მსოფლიო თასი სწორედ ვებ ელისის სახელს ატარებს. რაგბის ისტორიის დასაწყისს ბევრი ამ ამბავს მიაწერს, თუმცა, ეს ამბავი უბრალოდ ლეგენდაა.

ვებ ელისი ქალაქ რაგბის სკოლაში 1816-25 წლებში სწავლობდა, რა დროსაც დაწერილი წესები უბრალოდ არ არსებობდა.

ელისის ამბავი პირველად მისი სიკვდილიდან 4 წლის თავზე, რაგბელმა მეთიუ ბლოქსემმა მოყვა. თუმცა, ბლოქსემი ელისის თანატოლი არ ყოფილა და როგორც თავად ამბობს, ეს 53 წლის წინ მომხდარი ამბავი მას უცნობა მოუყვა.

1895 წელს, ძველ რაგბელთა საზოგადოებამ ოფიციალური გამოძიება ჩაატარა და ეს ისტორია უარყო.

მიუხედავად ამისა, მარკეტინგული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მსოფლიო რაგბიმ თასს სწორედ ვებ ელისის სახელი უწოდა, ხოლო ქალაქ რაგბის სკოლას დღემდე არარსებული მოვლენის ამსახველი ბარელიეფი ამშვენებს.

წითელი ვარდები

ე.წ. ტიუდორების ვარდი ინგლისური რაგბის სიმბოლო 1871 წლიდან, პირველი საერთაშორისო მატჩის გამართვის დღიდანაა.

ზუსტად არავინ იცის რატომ აირჩიეს ინგლისელებმა ვარდი და არა იგივე სამი ლომი, რომელსაც ინგლისელი მეფეები ბრძოლის დროს იყენებენ. ვერსიები უამრავია. მათ შორის ერთ-ერთის მიხედვით, რაგბის კავშირმა ვარდი ქალაქ რაგბის სკოლის გერბიდან აიღო. როგორც ცნობილია, ინგლისელებმა თეთრი ფორმა სწორედ რაგბის სკოლის ფორმიდან გამომდინარე აირჩიეს და გამორიცხული სულაც არაა, რომ ემბლემის შერჩევის დროსაც რაგბის სკოლის გერბით ეხელმძღვანელათ.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვერსიები ბევრია და აქედან დადასტურებული არც-ერთი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს C ჯგუფს?

  • ინგლისი
  • საფრანგეთი
  • არგენტინა
  • ტონგა
  • აშშ

თვიქნემი

თვიქნემი მსოფლიოში ყველაზე დიდი სარაგბო სტადიონი და რაგბის ნამდვილი მექაა.
ინგლისის რაგბის კავშირმა სტადიონის აშენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კრისტალ პალასის სტადიონზე, ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ტესტების ბილეთები სრულად გაყიდა.
1907 წელს, კავშირმა 4 ჰექტარი მიწა 5 500 ფუნტად იყიდა. ამ ტერიტორიაზე მანამდე კომბოსტო მოჰყავდათ, ამიტომ თვიქნემს დღემდე კომბოსტოს მინდორსაც ეძახიან.

პირველი საერთაშორისო მატჩი 1910 წელს, ინგლისსა და უელსს შორის გაიმართა და სტადიონი 20 000 ადამიანს იტევდა.

მე-20 და 21-ე საუკუნეებში სტადიონს მოდერნიზაცია არაერთხელ ჩაუტარდა და ამჟამად ის 82 000 მაყურებელს იტევს.

თვიქნემზე მსოფლიო თასის ორი ფინალი გაიმართა. 1991 წელს, ინგლისსა და ავსტრალიას შორის, ხოლო 2015 წელს ზელანდიასა და ავსტრალიას შორის. გარდა რაგბისა, სტადიონზე სხვა სპორტული სახეობების შეხვედრებიც გამართულა. მათ შორის ამერიკული ფეხბურთისაც კი.

თვიქნემი გამოიყენება კონცერტებისთვისაც და იქ ისეთი ცნობილი მომღერლები გამოსულან, როგორებიც როლინგ სტოუნზი, U2, მეტალიკა, ლედი გაგა, ემინემი, რიანა და სხვები არიან.

შიდა ჩემპიონატი

ინგლისის  გალაჰერ  პრემიერშიპი ევროპის ყველაზე სანახაობრივი ტურნირია. ბოლო წლებში სამხრეთელი მოთამაშეების და მწვრთნელების რაოდენობის ზრდის ხარჯზე,  ჩემპიონატის დონემ საგრძნობლად მოიმატა. ადრინდელისგან განსხვავებით, ინგლისელებს სუპერ რაგბის მოქმედი ვარსკვლავები და ამბიციური მწვრთნელები გადმოჰყავთ. ეს ყველაფერი ნაკრების სათამაშო სტილზეც აისახა.

ტურნირის მშვენება  ევროპის საუკეთესო კლუბი, ლონდონური სარასენსია. მარკ მაკქოლმა ევროპის მასშტაბით ფაქტობრივად დაუმარცხებელი კლუბი შექმნა. გულშემატკივრებში ეჭვიც კი გაჩნდა, ვინ უფრო ძლიერია, სარასენსი, თუ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, ახალზელანდიური ქრუსეიდერსი. არადა, რამდენიმე წლის წინ, მსგავსი კითხვის დასმა, აზრადაც არავის მოუვიდოდა. 

შიდა ასპარეზზე ლონდონელთა მთავარი კონკურენტები ექსეტერ ჩიფსი და ქოვენთრი ვოსპსია. ბოლო წლებში კრიზისში არიან ყველაზე ტიტულოვანი ინგლისური კლუბები - ლესტერ ტაიგერსი და ბასი. პროფესიულია ინგლისელთა რანგით მეორე დივიონიც, მათ ქვემოთ კი ძალიან ბევრი სამოყვარული ლიგაა.

პრემიერშიპში რამდენიმე ქართველ მორაგბესაც უთამაშია, თუმცა გაცილებით ნაკლები წარმატებით, ვიდრე საფრანგეთში. 

ყველაზე კარგად ინგლისში თავი ზურაბ ჟვანიამ წარმოაჩინა, რომელსაც შარშან პირველივე წელი ძალიან კარგი ჰქონდა და ვოსპსმა კონტრაქტიც გაუგრძელა. ორი წელი ვუსტერში დამაჯერებლად ითამაშა ჯაბა ბრეგვაძემ. სხვებს კი, სამწუხაროდ კარიერა არ აეწყოთ. 

ინგლისში ხელფასები შედარებით ნაკლებია და ჩვენი ვარსკვლავები საფრაგეთში თამაშს ამჯობინებენ, ნისლიან ალბიონზე კი ის მორაგბეები მიდიან, ვისაც ტოპ14-ში კარიერა არ აეწყო და იგივე დონეზე თავის გამოჩენა უჭირთ. პრობლემაა  ინგლისის ჩემპიონატის განსხვავებული სათამაშო სტილი (უფრო სწრაფი და მობილური) და რთული სავიზო მოთხოვნებიც.

საკვანძო მოთამაშეები

ოუენ ფარელი - თანამედროვე რაგბის ერთ-ერთი ვარსკვლავი. საიმედო, უმაღლესი კლასის მგეზავია და კარში საუკეთესო დამრტყმელი. შუამარბადაც ტოპ დონეზე შეუძლია თამაში. ბოლო დროს მხრით ბოჭვები დასჩემდა, რაზეც რატომღაც მსაჯები თვალს ხუჭავენ და სოციალურ ქსელებში ამ თემასთან დაკავშირებული ბევრი სახალისო სურათიც გამოჩნდა.

მაკო ვუნიპოლა - მსოფლიოს უდაოდ საუკეთესო ერთი ნომერია. შეუდარებელია როგორც მიწოლაში, ასევე ღია თამაშში. ბურთის ძალიან მაგარი წამღებია და დაცვაში ღლეტვასა და ბოჭვაშიც დაუღალავია. ამჟამად ტრავმას იშუშებს და თუ მსოფლიოსთვის ფორმაში შესვლა ვერ მოახერხა, ინგლისელებისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგი იქნება.

ბილი ვუნიპოლა -  მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო რვა ნომერია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პოზიციაზე თამაშობს, ძმას ძალიან გავს, როგორც აგებულებით, ასევე სათამაშო სტილით, თუმცა ბევრად სწრაფია. ამ მასის ფონზე, ასეთი სისწრაფის ქონა, მისი ტონგური წარმომავლობით შეგვიძლია ავხსნათ.

მარო იტოჯე - ინგლისელთა ახალგაზრდა ვარსკვლავი.  თანაბარი წარმატებით თამაშობს როგორც მეორე, ასევე მესამე ხაზში. შეუდარებელია აუტში და ბოჭვისას. ძალიან ცბიერი და ჭკვიანი მორაგბეა და სულ ჯარიმის ზღვარზე თამაშობს.

ჰენრი სლეიდი - უნივერსალი ბექია და უკანა ხაზში, თითქმის ყველა პოზიციაზე, თანაბრად ძლიერია. ნაკრებში შუამარბად თამაშობს, კარგი მოპასავეა და გაქცევაც შეუძლია, რაც ინგლისის ნაკრებს შეტევაში მრავალფეროვან არჩევანს აძლევს.

ქაილ სინკლერი - უნიჭიერესი სამი ნომერი, ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან ძლიერია. მისი მთავარი პრობლემა უდისციპლინობაა, შეუძლია სრულიად უწყინარ სიტუაციაში გუნდი დააღალატოს. ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათო გადაღლილზე, მეორე ტაიმშია.

ტომ ქარი - ედი ჯოუნსმა 20 წლის ბიჭს წლევანდელ ექვს ერზე ყველა თამაში ძირითად შემადგენლობაში ანდო და ქარიც წლის მთავარ აღმოჩენად იქცა. ტიპური ინგლისელი მესამეხაზელია - ჭკვიანი, საიმედო და მუშა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

სათამაშო სტილი

ინგლისს ისეთი სანახაობრივი რაგბი, როგორსაც დღეს თამაშობს, აქამდე ალბათ არასდროს უთამაშია.

მიუხედავად იმისა, რომ ვარდებს სამხრეთული მწვრთნელთა შტაბი ყავს, მთავარი მიზეზი მაინც პრემიერშიპში ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენები (სამხრეთელი მორაგბეების და მწვრთნელების რაოდენობის არნახული ზრდა) და ნაკრებში სხვადასხვა წარმომავლობის მორაგბეების მომრავლებაა, რომლებმაც გუნდში მეტი მრავალფეროვნება, ძალა და ფანტაზია შეიტანეს.

გუნდი თანაბრად ძლიერია როგორც ხაზში, ასევე შერკინებაში. ედი ჯონსმა  დისციპლინა და მცირე დეტალებისადმი ყურადღება, უმაღლეს დონეზე აიყვანა.

ინგლისის ნაკრების სათამაშო სტილი კონსერვატიულია, ადაპტირებულია წესების ცვლილებასთან და მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებასთან. ხშირად თამაშობენ ორი მგეზავით, რაც ართულებს შეტევის და დაცვის ორგანიზებას, თუმცა გამართულ სისტემაში, ეფექტურია.

ვარდების სათამაშო სტილის ერთ–ერთი მთავარი იარაღი ფეხით თამაში, ტაქტიკური დარტყმები, ბოქსქიქები და ფრთაზე გადაკიდებებია. ინგლისის ნაკრებს ყველა ევროპული გუნდის სათამაშო სტილის კომპონენტი აქვს - ფრანგებივით მიმწოლი ბურჯები, ირლანდიელებივით დისციპლინა, უელსივით სისწრაფე და შოტლანდიელებივით ბრძოლისუნარიანობა. გამოსარჩევია მათი ჭკვიანი, სწრაფი და ძლიერი სალელოვე ალღოს მქონე ფრთები.

სამწვრთნელო შტაბი

ვარდებს ლეგენდარული ავსტრალიელი ედი ჯოუნზი წვრთნის. 2015 წელს, სახლში ჩაგდებული მსოფლიოს შემდეგ, ინგლისელებმა არჩევანი ცბიერ ედიზე გააკეთეს.

ჯოუნზს იდეალური დასაწყისი ჰქონდა - ნაკრებს სარეკორდო (ზელანდიასთან ერთად) 18 მატჩიან დაუმარცხებელ სერიასთან ერთად, 2016 და 2017 წელს ექვსი ერიც მოაგებინა. წარმატებას ერთწლიანი ჩავარდნა მოჰყვა და ედის თავს დიდი კრიტიკაც დაატყდა. ბევრი ექსპერტი მის გაშვებასაც მოითხოვდა. თუმცა, ჯოუნზმა და გუნდმა ძალები მოიკრიბეს და წელს ძალიან კარგი ექვსი ერი ჩაატარეს, რამაც ინგლისელებს მსოფლიოს მოგების იმედი დაუბრუნა. 

პიროვნულად, ცბიერი ედი ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური და გამორჩეული მწვრთნელია, მისი ინტერვიუები და პრესკონფერენციები განსაკუთრებით საინტერესოა. 

ჯონსი ქართული შერკინების დიდი გულშემატკივარიცაა და საქართველოს ნაკრებთან ერთად ინგლისელებს ხშირად ავარჯიშებს.

ვარდების სამწვრთნელო შტაბშია და დაცვას კურირებს, ძალიან ძლიერი ზელანდიელი ჯონ მიტჩელი.

ინგლისელთა ლეგენდა

ალბათ, საკამათო არავისთვისაა, რომ ინგლისელთა ყველა დროის ყველაზე დიდი მორაგბე, ჯონი ვილკინსონია.

მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს გუნდი სრულყოფილად დაკომპლექტებული და იდეალურად შეთამაშებული იყო, ჯონის გარეშე ინგლისი მსოფლიოს ერთადერთი ევროპელი ჩემპიონი ვერ გახდებოდა. 

ძალიან კარგი მგეზავი, დაცვაშიც საიმედო, მაგრამ მისი მთავარი იარაღი, მისი ცაცია იყო. სწორედ მარცხენა ფეხმა აქცია ვილკინსონი ქულების მანქანად. თუმცა, პარადოქსია, რომ მსოფლიო თასის ფინალში, დამატებით დროში გადამწყვეტი არეკნი ვილკომ მარჯვენა ფეხით გაიტანა. 

გზა მსოფლიო თასზე

მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის ჯგუფში არიან, პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტებად სწორედ ინგლისელები მოიაზრებიან. რთული მატჩი ექნებათ არგენტინასთან და საფრანგეთთან.

მეოთხედფინალში D ჯგუფის პირველ ან მეორეადგილოსანს შეხვდებიან და ჩვენი ჯგუფიდან მათთვის გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არც-ერთია.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

მსოფლიო თასზე პირველი თამაში 2003 წელს, სწორედ ინგლისის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მომავალ მსოფლიოს ჩემპიონებთან უშანსოდ, 84:6 გავნადგურდით.

ბევრად კარგი გამოგვივიდა მეორე შეხვედრა 2011 წლის მსოფლიო თასზე, ზელანდიაში. დანიდინის დახურულ სტადიონზე, პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, თუმცა მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოვახერხეთ და მეკო კვირიკაშვილს რამდენიმე გასატანი ჯარიმა გაუცუდდა. მეორე ტაიმში კი ინგლისმა დაგვჩაგრა და უშანსოდ, 41:10 დავმარცხდით. მატჩის საუკეტესო მორაგბედ კი ორგანიზატორებმა მამუკა გორგოძე დაასახელეს.

ჩხუბი ვარჯიშზე

2018 წელს საქართველოსა და ინგლისის ნაკრებებმა ისტორიაში პირველი ერთობლივი ვარჯიში გამართეს.

მართალია, იმ ვარჯიშების მერე ინგლისელთა საქმე უკან წავიდა და შარშანდელ 6 ერზე თამაში ვეღარ მოიგეს, თუმცა წელს ერთობლივ ვარჯიშზე ისევ მიგვიწვიეს.

ვარჯიშის პირველივე დღე სკანდალით დასრულდა. როგორც ინგლისელი ჟურნალისტები წერდნენ, ქართველმა და ინგლისელმა მორაგბეებმა მოედანზე მუშტი-კრივი გამართეს. ინგლისელები განსაკუთრებით იმან აღაშფოთა, რომ ვარჯიშს სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. აქაოდა ბავშვებს რა მაგალითს აძლევთო.

ჟურნალისტთა გულისწყრომას არ აყვა გულშემატკივარი, რომელთა უმრავლესობაც ამ ამბავს ჩვეულებრივად შეხვდა. რაგბია, მუშტი-კრივი ყოველთვის ამ სპორტის განუყოფელი ნაწილი იყო და ბუზისგან სპილოს ნუ ქმნითო.

მეორე დღეს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა კომენტარი. ორივემ ერთხმად აღნიშნეს, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და მცირე შეხლა-შემოხლა ვარჯიშებზე ჩვეულებრივი ამბავია.

საბოლოოდ, ერთობლივი ვარჯიშით ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩა.

ჩვენი პროგნოზი

ინგლისელები C ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები არიან და ეს დიდი ალბათობით ასეც იქნება.
მეოთხედფინალში მათ სავარაუდო მეტოქეებად ავსტრალია ან უელსი მოიაზრებიან და სამხრეთელთა დღევანდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ვარდები ორივესთან ფავორიტები არიან. 

ჩვენი აზრით, ჯგუფში ინგლისელთა პირველობის შანსი 90%-ია. ნახევარფინალის - 60%, ხოლო ჩემპიონობის შანსებს 20%-ით შევაფასებდით.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები