Thumbnail
  • რომელუ ლუკაკუ კარიერას, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
  • მილანის ინტერსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
  • ინგლისური გრანდი 83 მილიონ ევროს ითხოვს, ინტერი 70-ს იხდის

მილანის ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს უმთავრესი სამიზნე სატრანსფერო ბაზარზე მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუა. კონტე ბელგიელის ფანია და მისი გადაბირება მაშინაც სურდა, როცა ლონდონის ჩელსის დამრიგებელი იყო.

იუნაიტედი ლუკაკუში 83 მილიონ ევროს ითხოვს

‘ნერაძურიმ’ ინგლისურ გრანდთან მოლაპარაკებები დაადასტურა. ინტერის სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო თავის მანჩესტერელ კოლეგას ლონდონში შეხვდა, შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინტერმა მანჩესტერ იუნაიტედს ოფიციალური წინადადებით მიმართა. 

26 წლის ლუკაკუს იუნაიტედთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. როგორც ირკვევა, მანკუნიანელები მის სანაცვლოდ 83 მილიონ ევროს ითხოვენ. ინტერი იუნაიტედს სხვა ვარიანტს სთავაზობს: მილანურ კლუბს ლუკაკუს არენდით აყვანა სურს (და ამაში 10 მილიონს იხდის) - ოღონდ, უპირატესი შესყიდვის უფლებით და მზადაა, ამ ოფციის გამოყენების შემთხვევაში, ჯამში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. ოღონდ, მილანელების მიზანია, რომ დარჩენილი 60 მილიონი ორი წლის განმავლობაში გადაიხადონ - ნახევარი გაისად, მეორე ნახევარი კი - ორი წლის შემდეგ.

იტალიური სპორტული გამოცემები წერენ, რომ ლუკაკუს შეძენა კონტეს უმთავრესი პრიორიტეტია. ინტერში სწორედ ბელგიელმა უნდა შეცვალოს მაურო იკარდი, რომელსაც ‘ნერაძური’ აუცილებლად გაყიდის.

წინა დღეებში, იტალიელი სპორტული ჟურნალისტები იტყობინებოდნენ, რომ ლუკაკუს შეზენა რომასაც სურდა.

კომენტარები

ბოლო ამბები