Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით ლიგა 1-ის ტულუზი დაინტერესდა
  • 26 წლის მცველი ამჟამად დონეცკის შახტართან ერთად ავსტრიულ შეკრებაზეა 

საქართველოს ეროვნული ნარებისა და დონეცკის შახტარის მცველით, დავით ხოჭოლავათი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბი ტულუზი დაინტერესდა. La Dépêche-ის ინფორმაციით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა ამჟამად 26 წლის ქართველი ცენტრალური მცველის კონტრაქტის პირობებს განიხილავს.

დავით ხოჭოლავა უკრაინაში 2015 წლის ზაფხულში გადაბარგდა, სადაც თავდაპირველად ოდესის ჩერნომორეცის ღირსებას იცავდა. 2017 წლის ზაფხულიდან ქართველი მცველი დონეცკის შახტარში გამოდის და მასთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

ცნობილი პორტალი transfermarkt.com ქართველი ფეხბურთელის პირობით სატრანსფერო ფასად 5 მილიონ ევროს ასახელებს.

ამჟამად ხოჭოლავა შახტართან ერთად სეზონის განახლებისთვის ავსტრიაში ემზადება

გასულ სეზონში დავით ხოჭოლავამ დონეკის შახტარის მაისურით ყველა ტურნირის 33 მატჩში ითამაშა და გაიტანა 2 გოლი. ცენტრალურ მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 18 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია.

თუ ტრანსფერი შედგა, დავით ხოჭოლავა მესამე ქართველი იქნება, ვინც ფრანგულ ლიგა 1-ში ითამაშებს. მანამდე იქ ჯაბა კანკავა (რეიმსი) და გია გურული (ჰავრი) გამოდიოდნენ. 

ტულუზმა 2018/19 წლების სეზონში ჩემპიონატი მე-16 ადგილზე დაასრულა. კლუბის საუკეთესო შედეგი ლიგა 1-ში მესამე ადგილია (2007 წელს).

კომენტარები

ბოლო ამბები