Thumbnail

უიმბლდონი | სერენა უილიამსი ისევ ფინალშია - მერვე ტიტულისთვის

  • სერენა უილიამსი 6:1, 6:2 ბარბორა სტრიცოვა
  • სერენა უილიამსი უიმბლდონის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა
  • 37 წლის ამერიკელი გადამწყვეტ შეხვედრაში სიმონა ჰალეპს შეხვდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი უიმბლდონის ღია პირველობის ფინალში წელსაც ითამაშებს. ტურნირზე მე-11 ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩეხეთის წარმომადგენელ ბარბორა სტრიცოვას იოლად, ორ სეტში მოუგო და გადამწყვეტ შეხვედრაში რუმინელ სიმონა ჰალეპს დაუპირისპირდება.

უიმბლდონის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალი 13 ივლისს გაიმართება.

უილიმსისა და სტრიცოვას შეხვედრამ 59 წუთს გასტანა. სერენამ 4 ეისი მოაწოდა, დაუშვა ერთი ორმაგი შეცდომა და 5-იდან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ჩეხის ანგარიშზე თითო ეისი და ორმაგი შეცდომა, 3-იდან კი არცერთი რეალიზებული ბრეიკ-პოინტია.

37 წლის ამერიკელი უიმბლდონის ფინალში კარიერაში მეთერთმეტედ გავიდა, სადაც გამარჯვება შვიდჯერ აქვს მოპოვებული - 2002, 2003, 2009, 2010, 2012, 2015 და 2016 წლებში. შარშანდელ ფინალში გერმანელმა ანჟელიკა კერბერმა გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში სერენას ორ სეტში სძლია - 6:3, 6:3.

37 წლისა და 291 დღის სერენა უილიამსი დიდი სლემის ტურნირის (ღია პირველობის ერაში) ყველაზე ასაკიანი ფინალისტი გახდა. სერენამ უიმბლდონზე 1994 წელს დამყარებული, მარტინა ნავრატილოვას რეკორდი (37 წელი, 258 დღე) გააუმჯობესა.

კომენტარები

ბოლო ამბები