Thumbnail
  • 12 ივლისი | ⌚ 19:40 | 🎾 რაფაელ ნადალი V როჯერ ფედერერი
  • პირველად 2008 წლის შემდეგ: ლეგენდების დუელი უიმბლდონის ნახევარფინალში
  • ეს ფედერერის და ნადალის მე-40 დაპირისპირება იქნება
  • შვეიცარიელს როლან გაროსის ნახევარფინალში წაგებისთვის შურისძიება სურს

უცნაურია, მაგრამ ფაქტი: 11 წელია, უიმბლდონის ღია პირველობაზე როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს ერთმანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. 2008 წლის ფინალი კი, ლეგენდარული და დაუვიწყარი იყო, რომელიც ესპანელმა დრამატულ ბრძოლაში მოიგო. 11 წლის შემდეგ, როჯერი და რაფა ერთმანეთს ნახევარფინალში უპირისპირდებიან და მთელი საჩოგბურთო სამყარო ამ დუელის მოლოდინშია.

მეოთხედფინალში ფედერერმა კეი ნიშიკორი 4 სეტში (4:6, 6:1, 6:4, 6:4) დაამარცხა და დიდი რევანშისთვის მზადაა. ‘მაესტროსთვის’ ეს უიმბლდონზე საიუბილეო, რიგით მე-100 გამარჯვება გახლდათ (352-ე დიდი სლემის ტურნირებზე). როჯერი 37 წლის ასაკშიც კი აგრძელებს ისტორიის წერას.

ნადალმა მეოთხედფინალში უფრო ადვილად მოიგო: რაფამ სემ ქუერი 7:5, 6:2, 6:2 დაამარცხა. ასე გადაწყდა რიგით მე-40 დუელი ჩოგბურთის გიგანტებს შორის, რომელიც არამარტო ჩოგბურთის, არამედ სპორტის არცერთმა მოყვარულმა რომ არ უნდა გამოტოვოს.

ურთიერთშეხვედრებში ნადალს დიდი უპირატესობა აქვს: მან როჯერს 24-ჯერ მოუგო, შვეიცარიელმა კი რაფას წინააღმდეგ 15 გამარჯვება იზეიმა. ბოლო დუელიც ნადალს აქვს მოგებული - ერთი თვის წინ, საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში.

თუმცა, ფედერერისთვის 2008 წლის მარცხი გაცილებით მტკივნეული იყო. მიზეზი გასაგებია: მაშინ როჯერმა რაფასთან უიმბლდონზე, ანუ, ‘საკუთარ კედლებში’ წააგო.

2006-დან 2008 წლის ჩათვლით, ფედერერი და ნადალი უიმბლდონის ფინალში ერთმანეთს ზედიზედ სამჯერ შეხვდნენ. 2 დუელი როჯერმა მოიგო, მესამე კი, რომელიც რაფას გამარჯვებით დამთავრდა, ისტორიაში შევიდა. 4-საათიანი და 48-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, ესპანელმა 6:4, 6:4, 6:7, 6:7, 9:7 გაიმარჯვა და უიმბლდონზე ფედერერის 5-წლიანი ბატონობა დაასრულა.

📺 ვიდეო: უიმბლდონის 2008 წლის ფინალი (მიმოხილვა)

“ძალიან მაგარია, რომ უიმბლდონზე ისევ ერთმანეთს ვხვდებით. ჩვენი დუელები გულშემატკივრებს განსაკუთრებით უყვართ. 2008 წელს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ უიმბლდონზე ერთმანეთს 11 წელი აღარ შევხვდებოდით. 2006, 2007 და 2008 წლებში ზედიზედ სამი ფინალი ვითამაშეთ და ცხადია, ვფიქრობდი, რომ მალე ისევ მოგვიწევდა უიმბლდონზე დუელი,” - აცხადებს ფედერერი.

როჯერი მატჩს მოუთმენლად ელოდება: “რაფას შესახებ ყველაფერი ვიცი. ბოლო წლებში მან ბალახზე ძალიან მოუმატა და ახლა აღარ თამაშობს ისეთი დაცვითი სტილით, როგორც ამას ბალახის საფარზე ადრე აკეთებდა. ახლა უფრო მძლავრადაც აწვდის. არა მგონია, რომ როლან გაროსზე ჩემმა წაგებამ ამ მატჩზე გავლენა იქონიოს. ფაქტია, ჩოგბურთის მოყვარულებს კარგი სანახაობა ელით.”

'თუ მინდა, რომ მისი დამარცხების შანსი მქონდეს, საუკეთესო ჩოგბურთი უნდა ვაჩვენო!' - რაფაელ ნადალი

მატჩის წინ ნადალმაც საინტერესო კომენტარი გააკეთა: “როჯერის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის განსაკუთრებული ამბავია. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ 11 წლის შემდეგ, უიმბლდონის ღია პირველობაზე როჯერს კვლავ ვუპირისპირდები. თუმცა ამ დუელისგან ახალს არაფერს ველოდები. როჯერი ბალახზე საუკეთესოა. თუ მინდა, რომ მისი დამარცხების შანსი მქონდეს, საუკეთესო ჩოგბურთი უნდა ვაჩვენო. პარიზში რომ მოვუგე, ეს ამ მატჩის წინ არაფერს ნიშნავს, რადგან ბალახსა და გრუნტზე თამაშს შორის უდიდესი განსხვავებაა.” - განაცხადა რაფამ.

წაიკითხენადალის მე-12 როლან გაროსი - რატომ არის რაფა თიხაზე დაუმარცხებელი

როჯერის და რაფას მე-40 დუელი უდავოდ ძალიან საინტერესო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ფედერერი უიმბლდონის სპეციალისტია, მისთვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება ახლა უკვე რთულია. შვეიცარიელი თვითონვე ამბობს, რომ ნადალმა ბალახზე დიდი პროგრესი განიცადა და გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე 11 წლის წინ.

ერთმანეთს ორი აბსოლუტურად უმაღლესი კლასის მოთამაშე უპირისპირდება და პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ფედერერმა დაამტკიცა, რომ ფსიქოლოგიურადაც კარგ ფორმაშია - ნიშიკორისთან სეტის წაგებამ შვეიცარიელი ვერ გატეხა. ბოლო 6 დუელიდან, როჯერს რაფასთვის 5 მოგებული აქვს. უიმბლდონი შვეიცარიელის ტურნირია. ამიტომ, თუკი მატჩის წინ რომელიმეს მაინც უნდა მივანიჭოთ მცირე უპირატესობა, ალბათ მაინც უფრო ფედერერს.

კომენტარები

ბოლო ამბები